“ოპოზიციისთვის გიორგი რურუას გათავისუფლება არის მხოლოდ და მხოლოდ საბაბი. როცა ხედავენ თავიანთ რეიტინგებს, ხვდებიან, რომ არანაირი შანსი, არჩევნების გზით შეიცვალოს მათთვის რაიმე, არ არსებობს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები, მაღალი ალბათობით, არ ჩავარდება.
„არა თუ გიორგი რურუას, არცერთი ადამიანის გათავისუფლებაზე მმართველი გუნდის წარმომადგენლებს მოლაპარაკებათა არცერთ ეტაპზე არანაირი პირობა დაუდიათ. თუ ვინმე ამბობს, რომ იმ მოლაპარაკებებზე არა თუ თქვეს რაიმე, არამედ თავი დააქნიეს ვინმეს გათავისუფლებაზე ან რაიმე პირობა დადეს, ეს არის ტყუილი. ვფიქრობ, ჩავარდნის (საკონსტიტუციო ცვლილებების) რისკი არის ძალიან დაბალი, თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამოუკიდებელი დეპუტატები და „ნაციონალური მოძრაობის” ორივე ფრთის წარმომადგენლების გარდა კიდევ ვინმე არ დაუჭერს მხარს და არ შეასრულებს შეთანხმების პირობებს. სხვის მოქმედებაზე ჩვენ პასუხს ვერ ვაგებთ, მაგრამ, მაღალი ალბათობით, საკონსტიტუციო ცვლილებები არ ჩავარდება”, – განაცხადა მდინარაძემ.