როგორ გახდნენ გლოლაში მასწავლებლად წასული გოგონები ამავე სოფლის რძლები -“ეს რაჭველებში თურმე ტრადიციაა და არც ჩვენ დავარღვიეთ” 

2009 წელს, განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ პროექტში „ასწავლე საქართველოსთვის“ ორმა დამწყებმა მასწავლებელმა სანატრელი გამარჯვება მოიპოვა და ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში ისე მოხვდა, გეგმაშიც არ ჰქონია.

ლელა ზაქარაია მეგრელია, აფხაზეთიდან დევნილი. ზემო სვანეთში მუშაობაზე დიდხანს ოცნებობდა, თუმცა, როცა დასაქმება რაჭაში – გლოლას საჯარო სკოლაში შესთავაზეს, არც კი დაფიქრებულა, ბარგი ჩაალაგა და ონში მიმავალი ავტობუსისკენ გასწია. მომავალი მეგობარი , მერი ბარდაველიძე, გზაში გაიცნო. როგორც აღმოჩნდა, მერიც ასეთივე  მისიით მიდიოდა რაჭაში, როგორც ლელა.  მეგრელი და გურული გოგონები მაშინვე დამეგობრდნენ და დღემდე ასე მოდიან.

“მიუხედავად იმისა, რომ ზემო სვანეთში პედაგოგად წასვლა ჩემი ოცნება იყო, გლოლაში გამამწესეს, გეოგრაფიის სპეციალისტი კი ვარ ,მაგრამ რაჭა არასოდეს მენახა. ავტობუსში ასულმა მერი აღმოვაჩინე, რომელიც ინგლისურის მასწავლებლობას აპირებდა. ონის ავტობუსის მძღოლმა  ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ რომ შეიტყო, აგვხედ-დაგვხედა  და გვკითხა-“შვილებო, პატრონი არ გყავდათ, ასეთი კაფანდარა გოგოები სად მიდიხართო?“.

ადგილზე 21 მოსწავლე და ძალიან ბევრი სიძნელე დახვდათ – “ძალიან რთული პირობები დაგვხვდა, ტრანსპორტი გლოლამდე კვირაში ერთხელ დადიოდა,ინტერნეტი არ იჭერდა,გზებიც გაუბედურებული იყო, არ  მუშაობდა მობილური ტელეფონები, ელემენტარული საჭიროების გამო, 25 კილომეტრიანი გზის გავლა გვიწევდა , ახლა სულ სხვა გარემოა ,ინტერნეტიც მუშაობს, მობილური კავშირიც და გზაც ასფალტირებულია,-იხსენებს მერი.

ზამთარში გოგონებს უფრო გაუჭირდათ, მაგრამ სკოლის თანამშრომლები, მოსწავლეები და მშობლები დახმარებას არ აკლებდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ, რომ გოგონები უკან არ დაბრუნებულიყვნენ.

რაჭაში ცხოვრების პირველ თვეებს ლელა ღიმილით იხსენებს.ამბობს, რომ იქ ყოფნა მხოლოდ მერის გვერდით დგომამ გადაატანინა.

“მერი რომ არ მყოლოდა, ძალიან გამიჭირდებოდა. მასაც ჩემსავით ეძნელებოდა,მაგრამ სკოლის დირექციის, პედაგოგების, ბავშვების, მშობლებისა და სოფლის თანადგომამ გაგვაძლებინა. რაჭველები და განსაკუთრებით გლოლელები თბილი და გვერდში მდგომი ხალხია. ხან შეშა მოჰქონდათ, ხან თოვლით დაფარულ გზას გვიკვალავდნენ, ხანაც თბილ სადილ-ვახშამს გვაწვდიდნენ და ვცხოვრობდით ასე“,- გვიყვება მერი.

ახალგაზრდა მასწავლებლებს რაჭაში,ხელშეკრულების თანახმად, სულ ორი წელი უნდა ემუშავათ, მაგრამ მალევე გეგმები შეიცვალა და ორივე რაჭველების რძალი გახდა.

“მერიმ მალევე , 8 თვეში, გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, მე ცოტა უფრო მერე, დაოჯახებაც გადავწყვიტეთ. ისე, რაჭველებში თურმე ტრადიციაა – სოფელში შესული დასაქორწინებელი პედაგოგები, ძირითადად სოფლის რძლები ხდებიან, ჰოდა, არც ჩვენ დავარღვიეთ ტრადიცია“,-ამბობს ლელა.

მერის უკვე სამი შვილი ჰყავს. სოფლიდან წასვლას არცერთი ფიქრობს, პირიქით, რაჭისა და გლოლის განვითარებასა და განათლებაზე ახალ იდეებს ამუშავებენ. ოჯახსაც უვლიან და დაცარიელებულ სოფელზეც დარდობენ.

სკოლა ორივეს ძალიან მოენატრა- “სკოლა ჩვენთვის მეორე სახლია, ის რომ არ იყოს, აქ არც გავჩერდებოდით. მეზობლებიც კი არ გვყავს, ცარიელია სოფელი, ეს სკოლა კი მიგრაციას ნაწილობრივ აკავებს“,- სინანულით ამბობს მერი.

ლელაც იქვე, ახლოსაა გათხოვილი და მეგობრები რაჭის ამ ულამაზეს, მაღალმთიან სოფელს იმედს აძლევენ.

მარინე სვანიძე

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები