სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი ბორჯომში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერ ოთარ არბოლიშვილთან ერთად, ბორჯომში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას, ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში 10 500 კვ.მ ფართობის პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
“რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყობა საბავშვო და მოსასვენებელი სივრცეები, მოწესრიგდება გარე განათებისა და საპარკო ინფრასტრუქტურა. პარკში ასევე განთავსდება კაფე, კომერციული ობიექტები, ფოტოგადაღების ჯიხურები და სხვა.
ბორჯომში პროფესიული კოლეჯის ახალი შენობა აშენდა. კოლეჯში დაინერგება მოკლევადიანი პროგრამები, ასევე მომზადება-გადამზადების კურსები ზრდასრულებისთვის, სადიპლომო და საშუალო პროფესიული პროგრამები. კოლეჯში ლაბორატორიები აღიჭურვება უახლესი ტექნიკით, მოეწყობა თეორიული სწავლების აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, კაფეტერია, ღია სპორტული მოედანი და სარეკრეაციო სივრცე. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის.
ზაალ გელაშვილმა და ოთარ არბოლიშვილმა ასევე დაათვალიერეს კოსტავას სახელობის პარკში მდებარე „კავალერიის შენობა“,- წერია ინფორმაციაში.