სამტრედიაში ორ უსახლკარო ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოციალურად დაუცველი და უსახლკარო ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული პროექტის ფარგლებში, ვაზისუბანში მცხოვრებ გეფერიძეების ოჯახსა და ქალაქ სამტრედიაში მცხოვრებ მრავალრიცხოვან თურმანიძეების ოჯახს ახლად აშენებული სახლები გადაეცათ. ინფორმაციას, სამტრედიის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საცხოვრებლის გასაღები ოჯახებს მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ გადასცა, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვაჟა სტურუასთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საქართველოს წითელი ჯვრის სამტრედიის ფილიალის წარმომადგენლებთან ერთად.

დავით ბახტაძის თქმით, პროექტი სრულად ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მომავალშიც გაგრძელდება.

„მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მოქმედებს არაერთი სოციალური პროგრამა, ხშირად რჩებიან ოჯახები, რომლებიც ამ პროგრამების მიღმა არიან. სწორედ ამიტომ დავიწყეთ ინიციატივა ადგილობრივ დონეზე და ვეხმარებით უსახლკარო ოჯახებს. პროექტი სრულად ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება”,- აღნიშნა ბახტაძემ.

სამტრედიის მერიის ცნობით, სოციალური ინიციატივის ფარგლებში, გასულ წელს მუნიციპალიტეტში აშენდა 4 საცხოვრებელი სახლი. 2025 წლისთვის დაგეგმილია კიდევ 7 სახლის მშენებლობა – ამ ეტაპზე 4 ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო 3-ზე დაწყებულია სატენდერო პროცედურები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები