ნინო ლაცაბიძე: სემეკში გამართულ შეხვედრაზე GWP-თან მკაცრად დავაყენეთ საკითხი, რომ რუსთავში არსებული გამოწვევების დასაძლევად, კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელება და სწრაფი ტემპია საჭირო 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, რუსთავის წყალმომარაგების და წყალარინების საკითხებზე იმსჯელა. ინფორმაციას, რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სემეკში გამართულ შეხვედრას, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა რეხვიაშვილი, სემეკისა და კომპანია GWP-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რუსთავის მერიის მიმართვის საფუძველზე დაგეგმილ შეხვედრაზე, სემეკმა კომპანია GWP-ის 2025 წლის საინვესტიციო გეგმის მიმდინარეობის შესახებ მოისმინა დეტალური ინფორმაცია, რომელიც კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა გიგა ნადირაძემ წარადგინა.

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, GWP-ის ხელმძღვანელობას საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული პროექტების დროულად შესრულება მოსთხოვა.

,,2022-2024 წლის მნიშვნელოვანი სამოქმედო გეგმა იქნა სემეკის მიერ დამტკიცებული. GWP-იმ ამ გეგმის მიხედვით, მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა, თუმცა 2025 წელს ჩვენ ვხედავთ, რომ ექვსი თვის განმავლობაში, კომპანიას არ აქვს ის ტემპი, რომელიც უფრო მეტად იქნებოდა ორიენტირებული, როგორც სასმელი წყლის, ასევე წყალარინების სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც ბოლო პერიოდში, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა ჩვენი ქალაქისთვის. ამ თემაზე რეგიონული განვითარების სამინისტროშიც გვქონდა შეხვედრა, დღეს კი ჩვენი მიმართვის საფუძველზე, სემეკში განვიხილეთ ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა. ჩვენ GWP-თან მკაცრად დავაყენეთ საკითხი, რომ რუსთავში არსებული გამოწვევების დასაძლევად, კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელება და სწრაფი ტემპია საჭირო. დღეს 2025 წლის გეგმაც გავიარეთ, ასევე სექტემბერში დაიგეგმა შეხვედრა, სადაც GWP-ის 2026 წლის საინვესტიციო გეგმას განვიხილავთ “, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

როგორც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ კომპანია GWP-იმ საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული პროექტების ტემპი დააჩქაროს.

,,მარეგულირებელმა კომისიამ GWP-ს დაუმტკიცა საინვესტიციო გეგმა, როგორც დედაქალაქისთვის, ასევე რუსთავსა და მცხეთისთვის, სადაც უნდა განხორციელდეს სარეაბილიტაციო პროექტები. ჩვენ დღეს კომპანიისგან მოვისმინეთ ამ პროექტების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია. მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია ის, რომ GWP-იმ დააჩქაროს რეაბილიტაციის ტემპი, რათა მუნიციპალიტეტმა შეძლოს დამატებითი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულება”, – განაცხადა სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ.

სემეკში გამართულ შეხვედრაზე, ბოლო პერიოდში, რუსთავის წყალმომარაგებაში არსებული შეფერხებების მიზეზებიც განიხილეს.

,,სემეკში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო, როგორც კომპანიის საინვესტიციო გეგმის შესრულების ტემპს და ვადებს, ასევე, ბოლო პერიოდში, ქალაქის წყალმომარაგების შეფერხებების მიზეზებს. ჩვენ GWP-გან მივიღეთ დაპირება, რომ ეს მიზეზები საფუძვლიანად აღმოიფხვრება და რუსთავი მუდმივად იქნება უზრუნველყოფილი 24-საათიანი წყალმომარაგებით”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატმა ირაკლი შატაკიშვილმა.

წყალმომარაგების და წყალარინების ქსელზე, რუსთავში მიმდინარე პროექტები რამდენიმე დღის წინ, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზეც განიხილეს. 2022-2024 წლებში კომპანია GWP-იმ რუსთავში 30 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები