ამირან გამყრელიძე: ქვეყნებიდან, რომლებიც კორონავირუსმა განსაკუთრებით დააზარალა, საქართველო ტურისტებს ჯერჯერობით ვერ მიიღებს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით მაღალდაზიანებული ქვეყნებიდან საქართველო ტურისტებს ჯერჯერობით ვერ მიიღებს.
„ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით ქვეყანაში მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა. დაანონსებულია, რომ 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი და პირველი ივლისიდან საერთაშორისო ვიზიტორებისთვის გაიხსნება ქვეყანა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა ყველა ქვეყნისთვის. ვერ მივიღებთ ჩვენ ტურისტებს ჯერჯერობით მაღალდაზიანებული ქვეყნებიდან. მიმდინარეობს მუშაობა იმ პროტოკოლებზე, თუ როგორი უნდა იყოს ტურისტების მიღების სისტემა ქვეყანაში და მათზე ეპიდზედამხედველობის დაკვირვების სისტემა, რომ მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ რისკი ქვეყანაში ინფექციის შემოტანის. 1 კვირის, 10 დღის შემდეგ გვეცოდინება რა უნდა გაკეთდეს, უნდა გაკეთდეს გამოკვლევა თუ არა, ამაზე ჩამოყალიბებული ვიქნებით. დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს თავისი რეკომენდაციები, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკოორდინაციო საბჭო. ამ მსჯელობის შემდგომ ჩამოვყალიბდებით წესებზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.