ნინო ცაციაშვილმა და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში არსებული საერთაშორისო დაცვის სისტემა განიხილეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ცაციაშვილი გაერო-ს  ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, კემლინ ფურლის შეხვდა.

როგორც “კვირას” შსს-დან აცნობეს, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა საქართველოში არსებული საერთაშორისო დაცვის სისტემა განიხილეს. საუბარი, ასევე, შეეხო თავშესაფრის პროცედურის ფუნქციონირებას ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში.

“აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ, რათა თავშესაფრის მაძიებელთათვის, შესაძლებლობის ფარგლებში, ელექტრონული და დისტანციური მომსახურების შეთავაზებით, უზრუნველყოფილ იქნას თავშესაფრის ეფექტიანი პროცედურები.

ამასთან, თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება. კემლინ ფურლიმ დადებითად შეაფასა შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა აღნიშნული მიმართულებით”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

შეხვედრის დასასრულ, მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის საჭიროებებსა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები