ტრამპი დღეს სოცქსელების შესახებ განკარგულებას გამოსცემს – ცუკერბერგი აშშ-ის ლიდერის რეაქციას “არაპროპორციულს” უწოდებს
აშშ-ის პრეზიდენტი დღეს სოციალური ქსელების შესახებ სპეციალურ განკარგულებას გამოსცემს, – განუცხადა ჟურნალისტებს თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
დოკუმენტის შინაარსის შესახებ ზუსტი ინფორმაცია, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა 27 მაისს აშშ-ის პირველმა პირმა სოცქსელების რეგულირების ან მათი აკრძალვის შესახებ განაცხადა.
გამოცემა Washington Post-ის ინფორმაციით, ახალი ბრძანების საშუალებით შესაძლებელი გახდება ფედერალური თანამდებობის პირების მიერ Facebook-ის, Google-სა და Twitter-ის დაჯარიმება. ტრამპის ახალი დირექტივა, ძირითადად, 230-ე მუხლით ცნობილ კანონს ეხება, რომელიც ტექნიკურ კომპანიებს არ აკისრებს პასუხისმგებლობას მათი მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული კომენტარებზე, ვიდეოებსა და სხვა ტიპის პოსტებზე.
ტრამპის განკარგულებას Facebook-ის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი გამოეხმაურა და ტრამპის რეაქციას Twitter-თან კონფლიქტში “არაპროპორციული” უწოდა.
“ინფორმაციის გადამოწმების მოწოდება ცენზურის დაწესება – ადმინისტრაციის არაპროპორციული რეაქციაა. ჯერ ვერ გავიგე, რა ჩანაფიქრი აქვს ადმინისტრაციას. თუმცა, ჯამურად, არასწორი მიმაჩნია, როდესაც მთავრობა რომელიმე პლატფორმას ცენზურას უწესებს”, – აღნიშნა ცუკერბერგმა.
აშშ-ის პირველი პირის გეგმაზე Twitter-ში კომენტარისგან თავი შეიკავეს, Google-შიც ჯერ მიმდინარე მოვლენებზე რეაგირება არ მოუხდენიათ.