“საქართველოს და ყველა იმ ადამიანის ინტერესს დავიცავ, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათი ხმით ვისაუბრებ უკვე სხვა დიპლომატიური ტრიბუნიდან”

“საქართველოს ინტერესებს, თითოეულ იმ ადამიანის ინტერესებს დავიცავ, რომელთაც პირადად ვიცნობ და ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე: გალში, ახალგორში, გამყოფ ხაზებთან, მათი ხმით ვისაუბრებ უკვე სხვა დიპლომატიური ტრიბუნიდან”, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ავსტრიაში ელჩად დანიშვნაზე საუბრისას განაცხადა.
სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით,
ციხელაშვილი მინისტრის რანგში 15 ივნისამდე იქნება.
„ფაქტობრივად, უკვე 4 წელია მე ამ პოზიციაზე ვიმყოფები, მანამდე კიდევ 4 წელი იგივე სამინისტროში პირველი მოადგილის ფუნქციებს ვასრულებდი. ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საპატიო და საპასუხისმგებლოა ეს პოზიცია და უდიდესი გამოცდილებაა მართლაც და პატივი, რომ ემსახურო შენს ქვეყანას ისეთ სფეროებში, რომლებიც ეხება კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას და თითოეულ ადამიანს, რომელიც არის კონფლიქტით დაზარალებული. მე ამ დღეებშიც ვახორციელებ ჩემს საქმიანობას და ყოველი დღე გარწმუნებთ, რომ იქნება ამ მიმართულებით გამოყენებული. ახლა გვაქვს მაგალითად კამპანია გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის დახმარების, რომელიც ასევე დაზარალდა კოვიდით, ისევე როგორც ყველა. ისინი განსაკუთრებით მოწყვლადი არიან სწორედ მავთულხლართების პირისპირ და ჩვენ ძალიან ბევრგან დუშეთში, შიდა ქართლში, გუშინწინ გახლდით პერევში, ვგეგმავთ ასევე სამეგრელოში, მთელ ამ პერიმეტრზე მოვიცვათ ყველა სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახი, რომელთაც განსაკუთრებით უჭირთ და გვერდით დავუდგეთ მათ. მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც ხორციელდება ბორდერიზაცია. ეს საკითხები იქნება ჩემს ახალ მანდატშიც. ახალი მანდატი არის საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, მაგრამ ასევე იცით მუდმივი წარმომადგენელი ეუთოში და ვენაში სხვა აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში. ძალიან მნიშვნელოვანი და კომპლექსური მანდატია მართლაც. რა თქმა უნდა, ყველა სხვა საკითხთან ერთად , იგივე ეუთოში, საქართველოს ინტერესებს, თითეული იმ ადამიანის ინტერესებს, რომელთაც პირადად ვიცნობ და ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე: გალში, ახალგორში, გამყოფ ხაზებთან, მათი ხმით ვისაუბრებ უკვე სხვა დიპლომატიური ტრიბუნიდან. რა თქმა უნდა, ერთხელ ვთქვი, სრული გულწრფელობით განვაგრძობ ჩემი ხალხის და ქვეყნის ინტერესების დაცვას”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები