ნათია თურნავა: ჩეხმა კოლეგამ აღგვითქვა პოლიტიკური მხარდაჭერა როგორც ორმხრივი ტურისტული კავშირების ძალიან სწრაფად აღდგენის, ასევე, საინვესტიციო პროცესების აქტივიზაციის მხრივ
“ჩეხმა კოლეგამ აღგვითქვა პოლიტიკური მხარდაჭერა როგორც ორმხრივი ტურისტული კავშირების ძალიან სწრაფ აღდგენის, ასევე, საინვესტიციო პროცესების აქტივიზაციის მხრივ”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჩეხეთის ვიცეპრემიერთან, მრეწველობის, ვაჭრობისა და ტრანსპორტის მინისტრ კარელ ჰავლიჩეკთან ონლაინშეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება პირდაპირი ავიამიმოსვლისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის აღდგენის საკითხებზე გამახვილდა.
ნათია თურნავას თქმით, ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოს აქტიური ეკონომიკური პარტნიორია და ყოველწლიურად იზრდება ჩეხური კომპანიების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს ენერგეტიკაში, სატრანსპორტო, ფარმაცევტიკისა და წარმოების სექტორებში საქმიანობენ.
მინისტრის განცხადებით, მზარდია ჩეხეთიდან ტურისტების რაოდენობაც.
„2019 წელს ვიზიტორების 19-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია, რომ ჩეხეთის რესპუბლიკაში ეპიდემიოლოგიური ვითარება საკმაოდ კეთილსაიმედოა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩეხეთი იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, საიდანაც ტურისტები უკვე ივლისში ჩამოვლენ საქართველოში”, – განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საავიაციო კომპანიებმა – „აირზენამ” და „ვიზეირმა” მზადყოფნა გამოთქვეს, განაახლონ ფრენა ჩეხეთსა და საქართველოს შორის. „პანდემიამდე ისინი საკმაოდ მაღალი სიხშირით დაფრინავდნენ და იმედი მაქვს, რომ ახლაც აღნიშნული მიმართულება ასეთივე მოთხოვნადი იქნება”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები – აკაკი საღირაშვილი და გენადი არველაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – მარიამ ქვრივიშვილი და ჩეხეთში საქართველოს ელჩი – მარიამ რაქვიაშვილი.