“სახელმწიფოს დახმარებით შევძელი, რომ საწარმო არ გაჩერებულიყო” – ჟურნალისტობიდან მეწარმეობამდე

ჟურნალისტ ირმა კიტრიაშვილს უკვე სამი წელია, შიდა ქართლში საკუთარი საწარმო აქვს. რძის პროდუქციის წარმოების სფეროში პირველი ნაბიჯები 2017 წელს გადადგა. იჯარით აღებულ საწარმოს შენობას პროფილი შეუცვალა, ევროკავშირის შესაბამისი სტანდარტებისა და სურსათის უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით რძის ნედლეულის წარმოების უახლესი ტექნოლოგიები დანერგა. არც კონკურენციას შეუშინდა და უდიდესი შრომის შედეგად, ქართულ ბაზარზე “ნებიერას” სახელით რძის ახალი პროდუქციაც გამოჩნდა.

ამ დროისთვის, საწარმო შიდა ქართლის რეგიონსა და სამცხე-ჯავახეთში, კერძოდ, ბორჯომსა და ბაკურიანში ოპერირებს და 7 სახეობის პროდუქტს აწარმოებს.

“2017 წლიდან საწარმო გადმომეცა იჯარით, გორის უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული საწარმო არის და მას შემდეგ წამოვიწყე ჩემი საქმე.

2002 წლიდან ვარ მედიის სფეროში. ეს სფერო ძალიან მიყვარს და არ მინდა, რომ შევეშვა ჟურნალისტიკას, თუმცა მეწარმეობა ძალიან რთული და საპასუხისმგებლო საქმეა და დიდ დროს მოითხოვს, მით უმეტეს, როგორიცაა რძის წარმოება. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს, როდესაც ჩემს პროდუქციას ვაწვდი საბავშვო ბაღებს, ამიტომ მე ყველანაირად ვაკონტროლებ ჩემს წარმოებას – რა კეთდება, როგორ კეთდება, რა ხარისხით კეთდება და ვცდილობ, მეტი ვისწავლო მეწარმეობის სფეროში.

ჩვენ ვოპერირებთ შიდა ქართლსა და ბორჯომისა და ბაკურიანის მუნიციპალიტეტებში, სადაც საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ვაწვდით ჩვენს პროდუქტს”, – უყვება “რეგიონულ კვირას” ჟურნალისტი.

პანდემიის დროს საწარმო “ნებიერას” მუშაობა არ შეუწყვეტია. როგორც მეწარმე ჩვენთან საუბარში ჰყვება, კორონავირუსის პანდემიის პარალელურად, საწარმოში ინოვაციური მეთოდები დანერგა, რამაც უფრო მასშტაბური და პოპულარული გახადა “ნებიერას” რძის პროდუქტები. როგორც ირმა აღნიშნავს, ამ დროის განმავლობაში პროდუქციის რეალიზება და მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა. საწარმომ კრიზისულ პერიოდში არსებულ საბაზრო გამოწვევებს უპასუხა და, მთავრობის რეკომენტაციების სრული დაცვით, პროდუქციის რეალიზების ახალ მეთოდზე – ონლაინგაყიდვებზე გადავიდა. ამავდროულად, „ნებიერას“ სადისტრიბუციო ქსელიც შეიქმნა, რომლის საშუალებითაც სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ მოსახლეობას მაღალი ხარისხის პროდუქციის ძველი საბაზრო ფასით ყიდვის საშუალება ჰქონდა.

„კორონავირუსის დროს, თავდაპირველად პრობლემები ჩვენც შეგვექმნა, როგორც მსოფლიოში ყველა სხვა ბიზნესს. ამ ვირუსმა მომცა კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა. წარმოების მიმართულებით და ასევე დანარჩენი მიმართულებითაც გამოიკვეთა, რომ უნდა შემოვიტანო ინოვაციები “ნებიერას” რეალიზებაში. “კოვიდ 19”-ის დაფიქსირებამდე, ჩვენ პროდუქციას მხოლოდ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ვაწვდიდით. პანდემიის პერიოდში დავიწყე ონლაინგაყიდვები და ჩვენი მოძრავი მანქანით დავიწყეთ პროდუქციის მიწოდება. ამით გადავირჩინეთ თავი.

ჩვენ შევძელით, რომ პანდემიის პირობებში საწარმო არ გაჩერებულიყო და ჩვენი ფერმერებისგან რა რაოდენობის რძესაც ვიღებდით კორონავირუსის დაფიქსირებამდე, ახლაც იმავე რაოდენობას ვიღებთ და ვამუშავებთ.

ვფიქრობ, რომ ჩვენი საწარმოს მასშტაბები უნდა გაიზარდოს. სექტემბრიდან, როდესაც ფუნქციონირებას საბავშო ბაღები განაახლებენ. მოგებული მაქვს ტენდერი და ვალდებულება აღებული, რომ ჩემი პროდუქციით მოვამარაგო საბავშვო ბაღები, რის შედეგადაც მოსახლეობაში სარეალიზაციო პროდუქცია არ დამრჩება. “კოვიდ 19”-მა მოსახლეობას დაანახა, რომ ჩემი პროდუქცია არის სანდო, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა“, – ამბობს ირმა კიტრიაშვილი.

„ნებიერას” ხელმძღვანელი „რეგიონულ კვირასთან” მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის სარგებლიანობასა და ეფექტურობაზეც საუბრობს. მეწარმის განმარტებით, საწარმოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მთავრობის გადაწყვეტილება, საბანკო ვალდებულებების გადავადებასთან დაკავშირებით.
მეწარმე პანდემიის დროს ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან რეგიონის მასშტაბით არსებული საწარმოების საქმიანობის ხელშეწყობასა და უწყვეტ რეჟიმში მუშაობისთვის გატარებულ ღონისძიებებზეც საუბრობს.

„ანტიკრიზისული გეგმით ვისარგებლე. მაქვს სასესხო ვალდებულება, რომელიც პანდემიის პერიოდში ვერ შევიტანე, თუმცა, მთავრობის გადაწყვეტილებით, სესხები გადაგვივადდა, რაც ძალიან დამეხმარა ასეთ რთულ პერიოდში. ასევე, ამ პერიოდში მივმართე შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას თხოვნით, რომ პანდემიის დროს მომეხდინა ჩემი პროდუქციის რეალიზება სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში, რაზეც თანხმობა მივიღე და სწორედ ამან გადაარჩინა ჩემი საწარმო”, – ამბობს ირმა.

18 წლის განმავლობაში ჟურნალისტი რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ კულტურულ ამბებს აქტიურად აშუქებდა. როგორც თავად აღნიშნავს,  სწორედ ჟურნალისტისთვის დამახასიათებელი მიზანდასახულობა გახდა ერთ-ერთი განმაპირობებელი იმისა, რომ არ შეუშინდა სამეწარმეო საქმიანობაში არსებულ ბარიკადებს და დასახულ მიზანს  მიაღწია.

მეწარმე მიღებულ შედეგზე გაჩერებას არ აპირებს, წარმოების გაფართოებასა და ასორტიმენტის გაზრდას ფიქრობს, დამწყებ მეწარმეებს კი ურჩევს, რომ იდეა განხორციელებადია იმ შემთხვევაში, თუ მასში უდიდეს სიყვარულს, ძალისხმევას, მონდომებას ჩადებენ, არსებული წინაღობების მიუხედავად კი მუდმივ პროგრესზე, ნოვაციებსა და აღმოჩენებზე იქნებიან ორიენტირებულნი.

ნინო ბერძენიშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები