ვალო იმერლიშვილის პროექტი -,,დიდი რყევა” (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი, პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა” ფარგლებში, წარმოადგენს ვლადიმერ (ვალო) იმერლიშვილის პროექტს – „დიდი რყევა“.
პროექტის შესახებ ინფორმაცია ეროვნული მუზეუმის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.
ვალო იმერლიშვილის სკულპტურა „დიდი რყევა”, როგორც ინსტალაცია, შეიქმნა თბილისის ისტორიის მუზეუმის საგამოფენო სივრცეში ექსპონირებისთვის.
ხის ორი ცხენით წარმოდგენილი სამმეტრიანი სკულპტურები დასავლეთისა და აღმოსავლეთის არსებითი მახასიათებლების მხატვრულ კვლევას ეძღვნება. ეს ორი საწყისი, საქართველოს გამორჩეული გეოგრაფიული მდებარეობითაც აიხსნება.
„ნამუშევარი, ბუნებრივი ფერებისა და განსხვავებული მასალების ზემოქმედებით გამოხატული, ცივილიზაციათა შორის არსებული წინააღმდეგობების, დიდი რყევების და ბალანსის იდეის მატარებელია. ეს ორი არქეტიპული „არსება“ ვიზუალურად თითქმის იდენტურია. ისინი ერთმანეთს ავსებენ და განაპირობებენ ერთმანეთის არსებობას. თითოეული მათგანის „ცალმხრივობის საფრთხე“ მეორის დახმარებით გადაილახება. მისი ესთეტიკა მოგვაგონებს „ეგვიპტის სფინქსსაც და პარიზის ქიმერასაც“. მათ შორის რკინის საქანელაა, რომელიც პოლუსებს აერთიანებს, ქანაობს და ირყევა“.
ვალო იმერლიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ქანდაკების სპეციალობით. მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო გამოფენაში. ვალო იმერლიშვილი საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში განხორციელებული მრავალი პროექტის ავტორია: 2018/2019 – სკულპტურული ობიექტები ურბანულ სივრცეში, თბილისი.
2019 – პროექტი ,,შენი სახლი ჯიქიაზე“, თბილისი. დახვრეტილ მამულიშვილთა მემორიალი ვაკის პარკში, თბილისი.
2016 – ირაკლი ჩარკვიანის სკულპტურა (თანაავტორი როკო ირემაშვილი), დედაენის ბაღი, თბილისი.
2009/2010 წწ. – მანათობელი სკულპტურები ბათუმის ბულვარში, საქართველო.
2013/2016 წწ. – ფუნქციონალური სკულპტურები ნიქოზში, საქართველო.
2007 – შოთა რუსთაველის სკულპტურა კიევში, უკრაინა.

გამოფენის კურატორი: ალექსანდრა გაბუნია;
პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა“ კოორდინატორი: ლიკა მამაცაშვილი.

ფოტო: ლიზა ოსეფაიშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები