NYT: აშშ “ღია ცის ქვეშ” შეთანხმებიდან გადის, განცხადება ხვალ გაკეთდება
აშშ “ღია ცის ქვეშ” შეთანხმებიდან გადის, რის შესახებაც ის რუსეთს 22 მაისს შეატყობინებს.
ამის შესახებ გაზეთი New York Times-ი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.
გაზეთის ინფორმაციით, ადმინისტრაციის მიერ მორიგი შეთანხმებიდან გასვლა შეიძლება, ნიშნავდეს იმას, რომ პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არ აპირებს აშშ-სა და რუსეთს შორის არსებული შეთანხმების გახანგრძლივებას, რომელიც შემტევი სტრატეგიული იარაღის შემცირებასა და შეზღუდვას გულისხმობს, რომელსაც ვადა 2021 წელს ეწურება.
აღნიშნულ შეთანხმებას ხელი 2011 წლის 5 თებერვალს რუსეთისა და აშშ-ის იმჟამინდელმა პრეზიდენტებმა – დიმიტრი მედვედევმა და ბარაქ ობამამ მოაწერეს. მისი მოქმედების ვადად 10 წელი განისაზღვრა, 5-წლიანი გახანგრძლივების პერსპექტივით. შეთანხმებით განსაზღვრულია ბირთვული ქობინების 1500 ერთეულამდე შემცირება, ასევე, კონტინენტაშორისი და ბალისტიკური რაკეტების, წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტებისა და მძიმე ბომბდამშენების 700 ერთეულამდე შემცირება.
რაც შეეხება “ღია ცის ქვეშ” შეთანხმებას – მას ხელი 1992 წლის 24 მარტს ჰელსინკში ეუთო-ს 23 წევრი-ქვეყნის მიერ მოეწერა. შეთანხმების მიზანია მონაწილე ქვეყნების მიერ ერთმანეთის ტერიტორიებზე სადამკვირვებლო ფრენების განხორციელება.
2017 წლის მდგომარეობით, შეთანხმების წევრი ქვეყნების რაოდენობა 34-მდე გაიზარდა. დოკუმენტზე ხელი საქართველოსაც აქვს მოწერილი, რუსეთმა კი შეთანხმება 2001 წლის 26 მაისს გაიზიარა.
შეთანხმების ფარგლებში, ფრენების კვოტირების სისტემა არსებობს. 2017 წელს, მაგალითად, რუსეთსა და ბელარუსს, რომლებიც ერთ ჯგუფად მიიჩნევიან, 42 ფრენის განხორციელება შესაძლებლობა მიეცათ. საპასუხოდ, წევრმა ქვეყნებმა რუსეთის ტერიტორიაზე 34 სადამკვირვებლო ფრენა განახორციელეს.