ვლადისლავ კრიკლი: უკრაინა საქართველოსთან ავიამიმოსვლას პირველი ივლისიდან განაახლებს
“უკრაინა საქართველოსთან ავიამიმოსვლას პირველი ივლისიდან განაახლებს”, – ამის შესახებ უკრაინის ინფარასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრმა, ვლადისლავ კრიკლიმ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან გამართული ონლაინშეხვედრის შემდეგ „ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა.
ვლადისლავ კრიკლის განცხადებით, უკრაინამ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან საერთაშორისო ფრენების აღდგენის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო.
„პირველი ივლისიდან ვგეგმავთ პირველი ფრენების დაწყებას საქართველო-უკრაინას შორის”, – წერს ვლადისლავ კრიკლი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ უკრაინის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრთან ონლაინშეხვედრა ორი დღის წინ გამართა. შეხვედრაზე, პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის გარდა, ეკონომიკის სხვა სფეროებში ორ ქვეყანას შორის ორმხივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.