“დანერგე მომავლის” ფარგლებში გაშენებული ნუშის ბაღები სართიჭალაში და 45 წლის ფერმერის ისტორია

45 წლის დავით დოხტურიშვილი ერთ-ერთია იმ 4 ფერმერს შორის, რომელსაც ნუშის ბაღები აქვს. ყველაფერი კი 2016 წელს დაიწყო, როცა დავითმა ტრავმა მიიღო და საკუთარი პროფესიით საქმიანობა ვეღარ გააგრძელა. მამა-პაპისეულ მიწას დაუბრუნდა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას მიჰყო ხელი. ნუშის ნერგები მცირე ფერმერმა საბერძნთიდან ჩამოიტანა და საცდელად პატარა ბაღი გააშენა. წამოწყება წარმატებული აღმოჩნდა და გაფართოებაზეც დიდხანს არ უფიქრია. სახელმწიფო პროექტის “დანერგე მომავალი” ფარგლებში კი ნერგები საქართველოში ეტაპობრივად შემოიტანა და წელს უკვე ერთ ჰექტარი გააშენიანა. 

როგორც “რეგიონულ კვირას” თავად დავითი უყვება, არჩევანი ნუშზე რამდენიმე მიზეზის გამო შეაჩერა. ერთ-ერთი მთავარი კი ის იყო, რომ აღმოსავლეთ საქართველოს, განსაკუთრებით კი სართიჭალისა და საგარეჯოს მიწისთვის ნუში აბორიგენული კულტურაა.

„სოფელ სართიჭალაში ნუშის კულტურა აბორიგენულია და კარგად ხარობს, ევროპასთან ურთიერთობაც მაძლევდა ამის საშუალებას და გადავწყვიტე საბერძნეთიდან სატესტოდ 10 ნერგი შემომეტანა. სწორედ მაშინ გავიგე პროდექტი „დანერგე მომავლის” შესახებ. ერთ წელიწადში როდესაც დავინახე შედეგი, ამ პროექტის დახმარებით ეტაპობრივად შემომქონდა ნერგები და დღეს უკვე 600 ნერგს ვფლობ. მაქვს ოთხი სახეობის ნუში – გოარა, ლაურანე, ბელონა და სოლეტა – ყველა მათგანი თვითდამტვერვადია და სწორედ ამაზე იყო აქცენტი გაკეთებული“, – ამბობს დავითი.

დავით დოხტურიშვილი მზად არის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართვა უნდა, კონსულტაცია გაუწიოს და სურვილის შემთხვევაში ნერგების ჩამოტანაშიც დაეხმაროს. 

„საბერძნეთიდან ნერგების შემოტანა – ჩემი აღმოჩენაა, ფაქტობრივად ჩემი პროექტია და გათვლილი მაქვს მცირე ფერმერებისთვის. ყველას შეუძლია ამ საქმიანობას მიჰყოს ხელი, თუ ვინმე გამოთქვამს სურვილს დავეხმარები, ჩამოვატანინებ ამ ნერგებს. მე მთლიანად ავიღებ ჩემს თავზე ამ პროექტს და დავეხმარები ყველანაირად, ძალიან ხარისხიანი ნერგებია. სახელმწიფომაც მეტი და მეტი უნდა გააკეთოს სოფლის მეურნეობისთვის. საქართველოში ადამიანებმა უნდა დაიწყონ მიწაზე მუშაობა, ისევ საკუთარი თავისთვის, რომ მომავალში გადარჩნენ“, – ამბობს ფერმერი.

დავითი სოფლის-მეურნეობის სფეროში ახალია, ფერმერობას ნელ-ნელა სწავლობს, თუმცა კარგად იცის როგორ მოუაროს ნუშს. სახელმწიფო პროგრამებსაც აქტიურად ეცნობა. ამბობს, რომ პროექტები ძალიან დაეხმარა თავისი იდეის განხორციელებაში და სხვებსაც მოუწოდებს, მიწას დაუბრუნდნენ. ფიქრობს, რომ სწორედ სოფლის მეურნეობაა, რაც არასდროს დაკარგავს საქართველოში აქტუალობას და შემოსავლის წყაროც იქნება, განსაკუთრებით კი ისეთ პერიოდში როგორიც ახლაა არა მარტო ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში. 

მარიამ გიორგაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები