“ზომებს ვიღებთ, რათა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისგან მივიღოთ ნებართვა უკრაინელ მოქალაქეებთან შესახვედრად და დაკავების გარემოებების გასარკვევად” – უკრაინის საელჩო

“საელჩოს თანამშრომლები ყოვლისმომცველ ზომებს იღებენ, რათა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისგან მიიღონ ნებართვა უკრაინელ მოქალაქეებთან შესახვედრად და მათი დაკავების ყველა გარემოების გასარკვევად”, – ამის შესახებ, საქართველოში უკრაინის საელჩოს განცხადებაში წერია.

“საქართველოში უკრაინის საელჩო ახორციელებს „ქართული სამართალდამცავი ორგანოების მიერ ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენის“ უკანონო ტრანსპორტირებაში ეჭვმიტანილი ორი უკრაინის მოქალაქის დაკავების“ შესახებ ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მუდმივ მონიტორინგს. ამჟამად, საელჩოს ქართული მხრიდან არ მიუღია ოფიციალური ინფორმაცია მათ წინააღმდეგ ამ ბრალდებებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ. საელჩოს საკონსულო თანამშრომლები ყოვლისმომცველ ზომებს იღებენ, რათა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისგან მიიღონ ნებართვა ზემოაღნიშნულ უკრაინელ მოქალაქეებთან შესახვედრად და მათი დაკავების ყველა გარემოების გასარკვევად“, – ნათქვამია საქართველოში უკრაინის საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა.

სუს-ის ინფორმაციით, ოპერატიული მასალების მიხედვით, უკრაინიდან შემოტანილი ასაფეთქებელი ნივთიერების დანიშნულების ბოლო ადგილად იკვეთება თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები