ეროვნული მუზეუმის ვირტუალური ფესტივალი – GNM Festival 2020

მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით მიმდინარეობს ფესტივალი ციფრულ ფორმატში.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წლევანდელი ფესტივალი საქართველოს ეროვნული მუზეუმის 15 წლის იუბილეს ეძღვნება.
18-24 მაისს, მუზეუმის ციფრული არხებით, პირველად საზოგადოების წინაშე წარდგება ბოლნისის ახალი მუზეუმი.
„გაგაცნობთ ახალ გამოფენებს, შემოგთავაზებთ სპეციალურად ბავშვებისთვის მომზადებულ ონლაინ გასაფერადებლებს, ქვიზებსა და ფაზლებს; დავიწყებთ ონლაინ გაკვეთილების სერიას და მთელი კვირის განმავლობაში მოგიყვებით არქეოლოგიაზე, ისტორიაზე, ხელოვნებასა და ბუნებაზე; ასევე, იხილავთ მე-19 საუკუნის თბილისში, ერივანსკის – დღევანდელი თავისუფლების მოედნის 360 გრადუსიან ციფრულ რეკონსტრუქციას. ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს ინტერაქტიულ პროგრამებს გაგიზიარებთ. ფესტივალის ფარგლებში გიჩვენებთ დოკუმენტურ მასალას ეროვნული გალერეის შესახებ. ფესტივალის დასასრულს, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციასთან ერთად, წარმოგიდგენთ ახალ პროექტს – „ეროვნული მუზეუმი და ტრადიციული რეწვის ოსტატები“, – აღნიშნულია ეროვნული მუზეუმის მეირ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროგრამა:
18 მაისს უკვე გაიმართა ბოლნისის ახალი მუზეუმის წარდგენა.
საზოგადოებამ პირველად გაიცნო კიდევ ერთი ახალი მუზეუმი, რომელიც ქვემო ქართლის სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციას შეასრულებს. ის გახლავთ XXI საუკუნის რეგიონული მუზეუმის და ზოგადად ახალი ეკოსისტემის მოდელი.

18 მაისიდან, ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი მოსწავლეებს, პედაგოგებსა და სტუდენტებს სთავაზობს ონლაინგაკვეთილებს გამოფენების მიხედვით. ვირტუალური შეხვედრების განრიგი: https://bit.ly/2Z9Qmkw

19 მაისი – ვლადიმერ (ვალო) იმერლიშვილის ინსტალაციის – „დიდი რყევა“ – ვიდეოჩვენება.
პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა” ფარგლებში. ვალო იმერლიშვილმა შექმნა ფუნქციონალური სკულპტურა, როგორც ინსტალაცია – ხის ორი ცხენით წარმოდგენილი სამმეტრიანი არტეფაქტი დასავლეთისა და აღმოსავლეთის არსებითი მახასიათებლების მხატვრულ კვლევას ეძღვნება | თბილისის ისტორიის მუზეუმი.

20 მაისი – „გენერალ ზურაბ კობიაშვილის უცნობი კოლექცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში“.
დამთვალიერებელი გამოფენას ვიდეოს სახით იხილავს. გამოფენის კურატორი მამუკა ქაფიანიძე სტუმართან – ილუსტრატორ გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად გააცნობს დამთვალიერებელს საბრძოლო იარაღებს, მემორიალურ ნივთებს, ფერწერულ ნიმუშებს, აღმოსავლურ ღვთაებათა ქანდაკებებსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გენერლის კოლექციიდან. ვიდეოს წარმოადგენს TBC – „თიბისისთან“ ერთად | სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი.

21 მაისი – ეროვნული გალერეის 100 წელი – მნახველი გაეცნობა აქამდე უცნობ ფაქტებს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის შესახებ. გალერეის მმართველი, ხელოვნებათმცოდნე ეკა კიკნაძე ისაუბრებს გალერეის დაარსების, კოლექციების შეგროვებისა და შენობის არქიტექტურის შესახებ.

22 მაისი – ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე – მუზეუმში დაცული ჰერბარიუმისა და ცხოველთა სამყაროს ციფრული, ინტერაქტიული ფორმატით გაცნობა.  თემატური გასაფერადებლებისა და ფაზლების შეთავაზება.

23 მაისი – წარმოდგენილი იქნება მე-19 საუკუნის „ერივანსკის მოედნის“ (დღევანდელი თავისუფლების მოედნის) 360-გრადუსიანი ციფრული რეკონსტრუქცია.

 24 მაისი – „ეროვნული მუზეუმი და ხალხური რეწვის ოსტატები„ – პროექტის პრეზენტაცია.
საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება ახალი რუბრიკა, რომელსაც მუზეუმის სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და ხალხური რეწვის ოსტატები ერთობლივად ამზადებენ. პროექტი ციფრულ ფორმატში დაიწყება და სამომავლოდ რეალურ სივრცეში გადაინაცვლებს. მისი მიზანია ტრადიციისა და თანამედროვეობის ჩვენება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები