ალექსანდრე მოწერელია: ამ ეტაპზე ზუგდიდის ჩაკეტვა არ განიხილება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ზუგდიდში არსებულ ვითარებას აფასებს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, ქალაქის ჩაკეტვა არ განიხილება, რადგან ინფიცირებულების კონტაქტები მიკვლევადია.

მისივე განმარტებით, ზომების გამკაცრება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგება, თუ კონტაქტების გამოკვლევა შეუძლებელი იქნება.

“ჩაიკეტება თუ არა ზუგდიდი რთული სათქმელია, თუმცა, თუ გავრცელება იქნება ფართო მასშტაბის, ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში. პირველ რიგში, ეს არის გადასაწყვეტი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მხრიდან. დღეის მონაცემებით, ტრაილერის მძღოლის ყველა კლასტერის კონტაქტები პრაქტიკულად, ჯერჯერობით არის მიკვლევადი, შესაბამისად, ეს ადამიანები გადაგვყავს კარანტინში. თუ გვექნება შემთხვევა, როცა ვერ დადგინდება კონტაქტები, მაშინ რა თქმა უნდა, მოგვიწევს ზომების გამკაცრების დღის წესრიგში დაყენება. ამ შემთხვევაში ჩვენ ჯანდაცვის მუშაკების ყველა რეკომენდაციებს და მითითებებს გავითვალისწინებთ”,- განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

ამ დროისთვის, რეგიონში 70-ზე მეტი ნიმუშია აღებული გამოსაკვლევად.  ამ ნიმუშებიდან 8 ტრაილერის მძღოლის კონტაქტია, აღებულ ანალიზებზე პასუხი დღის ბოლოს იქნება ცნობილი.

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში, ამ დროისთვის, 56  პირია მოთავსებული. რაც შეეხება თვითიზოლაციას – რეგიონში მასშტაბით 205 პირი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები