წალენჯიხის რაიონის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის დირექტორს, რობერტ გელოვანს ვერასოდეს წარმოედგინა, რომ სამხრეთ აფრიკელი ემი მეიბურგი მისი მეუღლე გახდებოდა. წლების წინ მოხალისე მასწავლებლად საქართველოში ჩამოსვლა დროებითი არ აღმოჩნდა და წყვილმა გასულ წელს ჯვარი დაიწერა.
„100 მოსწავლეზე ნაკლებკონტინგენტიან სკოლას არ ეკუთვნოდა თურმე მოხალისე მასწავლებელი. მოხდა ისე, რომ კახეთის რომელიღაცა სკოლამ უარი თქვა მოხალისე მასწავლებელზე და ასე, სრულიად შემთხვევით, ემი მოხვდა ჩვენთან. ის პირველივე დღიდან დაუახლოვდა ყველას, როგორც პედაგოგებს, ასევე მოსწავლეებს. ყველას შეაყვარა თავი. ჩემი ცხოვრების 17 წელი სკოლას უკავშირდება და აღმოჩნდა, რომ ბედიც აქ მელოდა თურმე”, – გვიყვება რობერტი.
34 წლის, პროფესიით ადვოკატ ემის, ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობამ სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპთაუნიდან წამოსვლა და ინგლისური ენის მოხალისე მასწავლებლად ჩამოსვლა გადააწყვეტინა, როგორც თვითონ ამბობს, ვერც კი წარმოედგინა, რომ “მთელი ცხოვრების სიყვარულს სწორედ საქართველოში შეხვდებოდა”.
„პირველი ნახვით მომეწონა რობერტი, ის იყო ძალიან გაწონასწორებული, დიპლომატი და მშვიდი, რაც ძალიან მომეწონა. შემდეგ ჩემი გაკეთებული სადილი მივართვი სახლში, აქვე ვცხოვრობდი მეც, მეზობლად. ჩემს ქვეყანაში, როდესაც ვინმე მოსწონთ, მას უმზადებენ განსაკუთრებულ კერძს და მიაქვთ მასთან, ამით გამოხატავენ სიმპათიას. მე არ ვიცოდი, როგორ უნდა გამომეხატა ეს მოწონება, ამიტომ ასე გადავწყვიტე, ჩემებურად”, – ამბობს ემი.
ასე შეიქმნა ინტერნაციონალური ოჯახი წალენჯიხაში.
კორონოავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარების გამო, ცოლ-ქმარი მოსწავლეებთან ონლაინ რეჟიმში აგრძელებს სწავლა-განთლების პროცესს.
„კარანტინის პირობებში მოსწავლეებს ონლაინ რეჟიმში ვასწავლით, რა თქმა უნდა რთულია, რადგან ყველას არ აქვს წვდომა ინტერნეტთან, მაგრამ როგორღაც ვახერხებთ ამ პრობლემის მოგვარებას”,- გვიყვება ემი.
წყვილის ოცნებას, რობერტი გვიმხელს, მათ მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის გახსნა სურთ. რობერტი ახლა სპონსორს ეძებს. ემი ამბობს, რომ ტურისტებს ერთ-ერთი რაც აშინებთ და ხელს უშლით საქართველოში მოგზაურობის დაგეგმვაში, აღნიშული პრობლემის არსებობა და სიმწვავეა.
“ჩემი ქვეყანა ერთ-ერთი განვითარებული ქვეყნაა მსოფლიოში, ადამიანები უფრთხილდებიან და ზრუნავენ ცხოველებზე, ერთ-ერთი პრობლემა საქართველოში რაც ვნახე, არის ძალიან ბევრი მიუსაფარი ძაღლი, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ. არ აქვთ სტერილიზაცია და არ კონტროლდება ისინი. მე ვფიქრობ ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანებს არ აქვთ ფინასური შესაძლებლობა. მე ძალიან ბევრი ტურისტი ვიცი, რომელსაც იმიტომ არ უნდა მოგზაურობა საქართველოში, რომ ძალიან ბევრი ძაღლია ქუჩაში და ისინი არ არიან უსაფრთხო. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფარი გავხსნა, სადც ყველა ქუჩის ძაღლს მოვიყვან და ვიზრუნებ მათზე. ეს ჩვენს ქვეყანაში ნორმაა, ადამიანებმა იზრუნონ ცხოველებზე“, – ამბობს ემი.
ოჯახში ამ ეტაპზე, 3 ძაღლი, 4 ლეკვი, ერთი კატა და ოთხი კნუტია.
ემი და რობერტი იმ იმედით გვემშვიდობებიან, რომ ერთ დღესაც ჩვენს მკითხველს წყვილის ცხოველთა თავშესაფარზე ვუამბობთ.
სოფიო კაკაჩია