ჰუბერტ ქნირშმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონულ სატყეო სამსახურებს დამცავი აღჭურვილობა გადასცა
გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონულ სატყეო სამსახურებს დამცავი აღჭურვილობა გადასცა,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დამცავ აღჭურვილობაში დეზინფექციის ბარიერები, სადეზინფექციო ხსნარები, ხელთათმანები და პირბადეები შედის. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში პანდემიით შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და საგანგებო მდგომარეობის პირობებში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიებებში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში აქტიური მხარდაჭერისთვის, გერმანიის მთავრობას მადლობა გადაუხადა.
„სამინისტროს სახელით, პანდემიასთან ბრძოლაში აქტიური მხარდაჭერისთვის, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გერმანიის მთავრობას, მათ წარმომადგენლობას – საელჩოს და ჩვენ მუდმივ პარტნიორს – გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ), რომელთან ერთადაც არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ“, – განაცხადა იური ნოზაძემ.
საქართველოსთან გერმანიას მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა.
„ჩვენი თანამშრომლობა წლებია გრძელდება. ეს გრძელვადიანი პროექტია. ვამაყობთ, რომ ვართ საქართველოს პარტნიორები. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თანამშრომლობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. გარემოს დაცვა უმნიშვნელოვანესია”, – განაცხადა ელჩმა.
აღჭურვილობა პარტნიორ საქვეუწყებო დაწესებულებებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „ეკოსერვის“ ფარგლებში გადაეცათ.