თერჯოლაში გაზიფიცირების სამუშაოები გრძელდება

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში გაზიფიცირების სამუშაოები გრძელდება.
როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა მოადგილე მანუჩარ რობაქიძესთან ერთად მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა და სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებს ესაუბრა, დეტალური ინფორმაცია მიიღო როგორც პროცესების მიმდინარეობაზე, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვაზე.

როგორც ლაშა გოგიაშვილმა აღნიშნა, თერჯოლის ყველაზე მაღალმთიანი სოფლისათვის, მოსახლეობის მიგრაციის შესაჩერებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საყოფაცხოვრებო პირობების მოგვარება. გოგნში წლების მანძილზე იდგა გაზიფიცირების პრობლემა, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით მოგვარდა. ბუნებრივ აირს ახლო მომავალში მიიღებს მთელი სოფელი.

ამ ეტაპზე ტენდერში გამარჯვებული კომპანიის “ბილდინგ დეველოპერის” მიერ დასრულების ეტაპზეა ცენტრალური მაგისტრალისა და გაზგაყვანილობის გარე ქსელის მოწყობის სამუშაოები, რაზეც ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 835 ათასი ლარი დაიხარჯება.

ლაშა გოგიაშვილმა სოფელში მერის წარმომადგენლის დავით რობაქიძისა და დეპუტატის დავით ისაკაძისაგან მოისმინა მოსახლეობისათვის აქტუალური პრობლემები, დაათვალიერა საჯარო სკოლის, საბავშვო ბაღის, ამბულატორიისა და ადმინისტრაციული შენობები, ასევე-სოფლის ცენტრიდან გოგნის კარუგდებლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს და ადგილობრივებს პრობლემების მოგვარების პირობა მისცა.

დღესვე მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი და მოადგილე მანუჩარ რობაქიძე ზედა სიმონეთში იმყოფებოდნენ, სადაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილის, სოფლის კლუბის სცენის რეაბილიტაცია იწყება. სცენის შეკეთებისათვის, სადაც ტარდება სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობა და ქორეოგრაფიული წრის მეცადინეობა, ადგილობრივ ხელისუფლებას თხოვნით მიმართა სოფლის ახალგაზრდობამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები