მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, სოფელი გეტა ჩაიკეტა
ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, სოფელი გეტა ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინე ზონად გამოცხადდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფლების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტში კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო.
სოფელ გეტას საზღვრებთან მოეწყო ბლოკპოსტები, რომლებსაც პოლიცია აკონტროლებს. საკარანტინო ზონაში სურსათისა და მედიკამენტების ტრანსპორტირება ყოველგვარი შეფერხების გარეშე განხორციელდება.
ჩაკეტილი სოფლის მისადგომები დღეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა – შოთა რეხვიაშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა – დავით შერაზადიშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ – თამაზ ჟორჟოლიანმა მოინახულეს.
ცნობისთვის, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 139 შეადგინა, რომელთაგან 17 ახალი შემთხვევაა. COVID-19-ისგან მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელი 49 პირი განიკურნა, 3 კი გარდაიცვალა.