მიხეილ ჩხენკელმა სასწავლო წლის დასრულების ვადები დაასახელა – “აბიტურიენტებისთვის განკუთვნილი სპეციალური გაკვეთილები 15 ივნისამდე ჩატარდება”
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა კორონავირუსის პანდემიის ფონზე განათლების სფეროს ყველა მიმართულებით ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას 2019-2020 სასწავლო წლის დასრულების ვადებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დისტანციური სწავლების რეჟიმშიც იგივე დარჩება.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 2019-2020 სასწავლო წელს ყველაზე ადრე, 20 მაისს დამამთავრებელი, მე-12 კლასის მოსწავლეები დაასრულებენ.
პირველი კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა 27 მაისს, ხოლო ყველა დანარჩენი II-XI კლასებისთვის სწავლა 15 ივნისს დამთავრდება.
ამ გრაფიკით იხელმძღვანელებენ როგორც სკოლები, ასევე – პირველი არხის პროექტი „ტელესკოლა“.
“მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო წელს ყველაზე ადრე მე-12 კლასის მოსწავლეები დაასრულებენ, გათვალისწინებული იქნება მათი, როგორც აბიტურიენტების ინტერესები და „ტელესკოლის“ ფარგლებში მათთვის განკუთვნილი სპეციალური გაკვეთილები 15 ივნისამდე ჩატარდება”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.