ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით რუსი ჯარისკაცი დაინფიცირდა – ჯამურად, COVID-19 უკვე 14 პირს აქვს დადასტურებული
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 14-მდე გაიზარდა.
გასულ დღე-ღამეში ტესტირება 27 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან კორონავირუსი 2 პირს დაუდასტურდა.
ერთი რუსეთიდან დაბრუნებული სტუდენტია, მეორე კი – რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაღესტნიდან დაბრუნდა.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საკარანტინე შეზღუდვების ძირითადი ნაწილი 1-ელ ივნისამდე გახანგრძლივდება.
აკრძალული რჩება მასობრივი შეკრებები, ტურისტული ექსკურსიები, ქორწილისა და სხვა სარიტუალო ღონისძიებების ჩატარება. აკრძალულია კურორტებსა და სასტუმროებში მოქალაქეების განთავსება და ადგილების დაჯავშნა.