ტყის ეროვნული აღრიცხვის სამუშაოები ქვეყნის ოთხ რეგიონში მაისის მეორე ნახევრიდან დაიწყება

ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოების განხორციელებას ქვეყნის ოთხ რეგიონში: სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში ტენდერში გამარჯვებული სამი კომპანია მაისის მეორე ნახევრიდან დაიწყებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ინფორმაციით, ტყის მახასიათებლებზე მონაცემები შეგროვდება 1078 კლასტერზე (ერთი კლასტერი განსაზღვრული ზოლია, რომელიც სამ სანიმუშო ანუ საცდელ წერტილს მოიცავს). დასაქმდება 48 ადამიანი, მათ შორის, 24 მეტყევე სპეციალისტი და 24 სტუდენტი. ტყის ეროვნულ აღრიცხვას კოორდინაციას ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტი უწევს. პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბებაზე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, გერმანიის მთავრობის დახმარებით (GIZ), საქართველოს ტყის ეროვნული აღრიცხვა 2018 წელს დაიწყო.
საქართველოს ტყის ეროვნული აღრიცხვის მიზნებია:
• ტყის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მახასიათებლების დადგენა ქვეყნის მასშტაბით;
• ტყის მახასიათებლებზე უწყვეტი მონიტორინგისთვის ქსელის დაარსება;
• კვლევების ხელშეწყობა და კვლევითი ინსტიტუტების გაძლიერება;
• ანგარიშგება ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე;
• პოლიტიკური და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიმღებ პირთა სარწმუნო ინფორმაციით უზრუნველყოფა.
საქართველოს მასშტაბით, სულ განისაზღვრა 2020 კლასტერი, რომლებიც გადანაწილებულია რეგიონების მიხედვით.

2019 წელს ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოები მცხეთა-მთიანეთში, გურიასა და აჭარაში განხორციელდა. ტყის მახასიათებლებზე მონაცემების შეგროვება მოხდა 441 კლასტერზე. დასაქმდა 20 ადამიანი, მათ შორის – 10 მეტყევე სპეციალისტი და 10 სტუდენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები