რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის კიდევ ერთი შეთანხმება გაფორმდა
კრემლმა რუსეთის მიერ ოკუპირებული, საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობებთან საბიუჯეტო ინვესტიციების შესრულებისა და ე.წ.რესპუბლიკების საინვესტიციო საქმიანობის მხარდაჭერის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.
ამის შესახებ რუსეთის ეკონომიკის განვითარების სამინისტროს საიტზეა ნათქვამი.
შეთანხმების ფარგლებში, მოხდება რუსეთის მხრიდან “ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება კულტურის, განათლების, ჯანდაცვისა და სახელმწიფოს სამმართველოს სფეროებში”.
როგორც რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე მიხაილ ბაბიჩმა განაცხადა, “რესპუბლიკებთან ახალი ორმხრივი შეთანხმებები კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან სამართლებრივი ბაზის განვითარებას გულისხმობს და რესპუბლიკების განვითარებასა და ხალხის ცხოვრების დონის ამაღლების ნაწილში მნიშვნელოვანი შენატანი იქნება”.
რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ორმხრივი ე.წ თანამშრომლობა ხორციელდება “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” შეთანხმების შესაბამისად, რომელსაც ხელი 2014 წლის 24 ნოემბერს მოეწერა.
ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი “სამართლებრივი ბაზა სხვადასხვა დონის 100-ზე მეტ შეთანხმებას გულისხმობს”.