ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა.
​უწყების ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ, სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა მიიღონ.
“ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უკავშირდება ფერმერების დახმარებას, არის პირდაპირი დახმარება – სუბსიდირება იმისთვის, რომ ფერმერებს წარმოება გაუმარტივდეთ და გაუიაფდეთ; მათთვის ხელმისაწვდომი იყოს სხვადასხვა მასალა, რომელიც სოფლის მეურნეობაში გამოიყენება”, – განაცხადა მინისტრმა.
“მცირემიწიანი ფერმერების დახმარება
იწყება ახალი სახელმწიფო პროგრამა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირება“
პროგრამა ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების ღირებულების სუბსიდირებას. პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად საჭიროა, ფიზიკურ და იურიდიული პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. სუბსიდიის მოცულობა 1 ჰექტარ მიწაზე განისაზღვრა 200 ლარით (აგრობარათზე დარიცხული 200 ქულით).
0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-მდე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შესაძლებლობა ექნება ბარათზე დარიცხული ქულები გამოიყენოს შემდეგი სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესაძენად:
• სასუქები და მცენარეთა დაცვის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები
• მცენარეთა მოვლის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები
• სათესლე და სარგავი მასალები.
1.25 ჰა-დან 10 ჰა-მდე და მეტი ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს ბარათზე დარიცხული ქულების გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ როგორც ზემოაღნიშნული სასოფლო-სამეურნეო საქონლის, ასევე, სასოფლო-სამეურნეო მიწის აგროტექნიკური (ხვნის) სამუშაოების მომსახურების შესაძენად.
პროექტის ფარგლებში, არაუმეტეს 10 ჰექტრისა ერთიანი მიწის ნაკვეთებისთვის სუბსიდია შეადგენს მაქსიმუმ 2000 ლარს. პროგრამით ისარგებლებს 200,000-მდე ფერმერი.
​პროგრამის ბიუჯეტი 37 000 000 ლარია და პროგრამის განხორციელება დაიწყება 2020 წლის 20 მაისიდან”, – აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები