ქალმა ფსიქიატრიულის საპირფარეშოში იმშობიარა – რას აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში

ქალი, რომელსაც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ფსიქოტროპული წამლებით მკურნალობდნენ, აღმოჩნდა, რომ ორსულად იყო.
პაციენტმა საპირფარეშოში ისე იმშობიარა, ექიმებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. აღნიშნულ ფაქტს სახალხო დამცველის მოადგილე, ეკა სხილაძე გამოეხმაურა.

მისი თქმით, ძირითად შემთხვევაში, ქალთა სექსუალური თუ რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები ფსიქიატრიულ დაწესებულებებში უგულებელყოფილია.

“გამოვლინდა არაერთი სისტემური ხასიათის პრობლემა. ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძირითად შემთხვევაში უგულებელყოფილია ქალთა სექსუალური თუ რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები ამ ტიპის დაწესებულებებში. ამის ნათელი მაგალითი იყო შემთხვევა, როდესაც ქალმა იმშობიარა დაწესებულების საპირფარეშოში და დაწესებულებისთვის მხოლოდ მშობიარობის შემდეგ გახდა ამ ფაქტის შესახებ ცნობილი. ყველაზე საყურადღებო არის ის გარემოება, რომ ამ დაწესებულებაში ხელშეკრულებით დასაქმებულია გინეკოლოგი, რომელსაც ეს პაციენტი გასინჯულიც კი ჰყავდა. ეს შემთხვევა არ უნდა განვიხილოთ, როგორც ცალკე აღებული პრობლემური შემთხვევა – ეს არის იმ სისტემური გამოწვევების ნაწილი, რასაც ჩვენ ამ დაწესებულებებში მონიტორინგის ფარგლებში ვაწყდებოდით. ფსიქოტროპული მედიკამენტებით მკურნალობის დაწყებამდე და შემდგომში მისი მონიტორინგის პროცესში არ ხდება გათვალისწინება ქალის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მდგომარეობის, რადგან ასეთი ტიპის მედიკამენტებს აქვთ მაღალი გავლენა სწორედ ამ საკითხზე. მოძველებულია ის სახელმძღვანელო დოკუმენტები, რომლითაც ამ დაწესებულებებში ხელმძღვანელობენ, გამოწვევები არის ძალიან მძიმე და სახელმწიფოსგან საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას. თუნდაც ეს ერთი შემთხვევა ნათლად აჩვენებს იმ სიტუაციას, რაც ამ ტიპის დაწესებულებებში ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების კუთხით გვხვდება”, – განაცხადა სხილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები