“უამრავი პროგრამა და პროექტია, ვისაც სოფლის მეურნეობა და მიწა უყვარს, უკეთესს ვერაფერს გააკეთებს” – ლეჩხუმელი ფერმერის წარმატების ისტორია

ცაგერელი ფერმერი, ამირან ხეცურიანი მეხუთე წელია, საკუთარ მიწაზე ქერისა და სიმინდის ყანებს ამუშავებს. ქერის მოსავლის მოყვანა ლეჩხუმისთვის უძველესი და მივიწყებული ტრადიციაა. წლების წინ ფერმერმა მისი აღდგენა გადაწყვიტა და დასახულ მიზანსაც, სახელმწიფოს დახმარებით, მალევე მიაღწია. თუმცა მაშინ  ჯერ კიდევ ახლადნათეს ყანებში მეწყერი ჩამოწვა და პირველი მოსავალის მიღება ვერ შეძლო.
დახმარებისთვის ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართა, მერია მძიმე ტექნიკითა და მეწყერსაწინააღმდეგო საშუალებებით დაეხმარა. მიწა გაუსუფთავდა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელებასაც ხელახლა შეუდგა.
„გადავწყვიტე, ისევ მეცადა მოსავლის მოყვანა და ქერი დავთესე. როგორც ხედავთ, ძალიან ხარისხიანი მოსავალი ჩანს. გაგიკვირდებათ და, აი, ამ დამეწყრილ მიწაზე, მოსავალს ორჯერ ვიღებ – გაზაფხულზე ვიღებ ქერს, შემდეგ ვთესავ სიმინდს, შემოდგომაზე ვიღებ სიმინდს და ისევ ვთესავ ქერს. მოსავლის უმეტეს ნაწილს საკუთარი მეურნეობისთვის ვიყენებ, მყავს შინაური ფრინველი, ცხოველები და ჭარბ პროდუქციას, რომელიც ეკოლოგიურად აბსოლიტურად სუფთაა, ბაზარში ვყიდი. ასე რომ, მათთვის საკვების შეძენა, რომელიც შეიძლება, შხამქიმიკატებით იყოს დატვირთული, არ მიწევს. ჩემი ხელით ვთესავ და მოსავალიც მომყავს“, – უყვება “რეგიონულ კვირას” ამირან ხეცურიანი.

ფერმერს საკმაოდ დიდი მიწა აქვს, ამიტომ მუშაობა ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს, შრომის შესამბსუბუქებლად სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ პროგრამებსა და პროექტებში აქტიურადაა ჩართული და სიახლეებსაც არ უშინდება.


„მოვიძიე სახელმწიფო პროგრამა, რომელიც 60/40 თანადაფინანსებას გულისხმობდა და მოტობლოკის შეძენას ითვალისწინებდა, გავაკეთე პროექტი, გავიმარჯვე და სახელმწიფოს თანადაფინანსებით შევიძინე ტექნიკა, რომელმაც შრომა მნიშვნელოვნად გამიადვილა“, – ამბობს ფერმერი.

 

ამირან ხეცურიანს საკუთარ მიწაზე, ქერის გარდა, ბადრიჯანი, პომიდორი, ლობიო მოჰყავს, აქვს ხეხილის ბაღიც. ამჟამად, პატარა სათბური უკვე აქვს და ლეჩხუმისთვის საჭირო ბოსტნეულის ჩითილებიც გამოჰყავს, თუმცა, როგორც “რეგიონულ კვირას” უყვება, მომხმარებლის დიდი რაოდენობის გამო, მისი ჩითილები საკმარისი არაა, ამიტომ სახელმწიფოს პროექტ “გრეტა”-ში ჩართვასა და სათბურის გაფართოებას გეგმავს.

„ბაზარზე დიდი მოთხოვნაა და მყიდველს ვერ ავუდივარ, თუმცა ვფიქრობ, მომავალში ქერის მოყვანასთან ერთად დიდი სასათბურე-საჩითილე საწარმო გავაკეთო. გავიგე „გრეტას“ პროექტი გამოცხადდა, აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას. საღ ნერგებს გამოვიყვან, მყიდველი პრობლემა არაა, ამ პატარა სასათბურეში იმდენი მომხმარებელი მყავს, ვერ ავუდივარ და ჩითილები არაა საკმარისი“, – უყვება “რეგიონულ კვირას” ფერმერი. 

სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების პარალელურად, ამირან ხეცურიანი მცირე ბიზნესითაც არის დაკავებული და  საკუთარი მაღაზია აქვს, სადაც სოფლის მეურნეობისთვის საჭირო იარაღებსა და სასუქებს ყიდის.

„თუ კაცი მოინდომებს, დამიჯერეთ, ყველაფრის გაკეთება შეიძლება, უამრავი პროგრამა და პროექტია, ვისაც სოფლის მეურნეობა და მიწა უყვარს, უკეთესს ვერაფერს გააკეთებს“, – ამბობს ლეჩხუმელი ფერმერი.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები