“თითოეულ ბიზნესოპერატორსა და კომპანიას მოვუწოდებ, გახსნის ის შემდგომი ეტაპი, რომელსაც დღეს გამოვაცხადებთ, ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს მათი მხრიდან კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას”
“მინდა, თითოეულ ბიზნესოპერატორსა და კომპანიას მოვუწოდო, გახსნის ის შემდგომი ეტაპი, რომელსაც დღეს გამოვაცხადებთ, ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს მათი მხრიდან კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ოპერირების წესებთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გარკვეული ნაბიჯების სწრაფად გადადგმის საშუალებას იძლევა.
„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გარკვეული ნაბიჯები უფრო სწრაფად გადავდგათ. ეს მხოლოდ და მხოლოდ ზრდის თითოეული ჩვენგანის, ბიზნესოპერატორებისა და, პირველ ყოვლისა, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების პასუხისმგებლობას. ჯანდაცვის სექტორის ხარისხიანი მუშაობა მაშინ, როცა ჩვენ ვიწყებთ შეზღუდვების შემსუბუქებასა და ეკონომიკის ეტაპობრივ გახსნას, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. იმის მიუხედავად, რომ ვიბრძვით ორ ფრონტზე – ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და ეკონომიკის ფრონტებზე – დღეს ეკონომიკა არის პრიორიტეტის ნომერი 1. ეს არის შემოსავალი თითოეული ჩვენი მოქალაქის ოჯახში და აქ ყველანი ვალდებულები ვართ, რომ კიდევ უფრო ეფექტურები ვიყოთ. ამ თვალსაზრისით, მინდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, რომ დავიცვათ ის ელემენტარული წესები, რომლებიც ვირუსმა ჩვენს ცხოვრებაში შემოიტანა: სოციალური დისტანცია, პირბადე, ჰიგიენის ელემენტარული ნორმები – ამ წესების მკაცრი დაცვა მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო სწრაფად და ეფექტურად გავხსნათ ეკონომიკა და ვიყოთ უფრო კონკურენტუნარიანები გლობალურ კონკურენციაში, რომელიც მოგვიწევს როგორც იმ ბრძოლაში, რომელიც სულ ახლო პერიოდში დაიწყება ტურიზმისთვის, ისე ეკონომიკის განვითარების თითოეულ სექტორში.
მინდა, თითოეულ ბიზნესოპერატორსა და კომპანიას მოვუწოდო, გახსნის ის შემდგომი ეტაპი, რომელსაც დღეს გამოვაცხადებთ, ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს მათი მხრიდან კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ოპერირების წესებთან დაკავშირებით.
დღეს, ჩვენი დავალებით, შემოსავლების სამსახურმა თითოეულ ბიზნესოპერატორსა და კომპანიას გაუგზავნა შეტყობინება, სად შეიძლება, მოიძიონ მათ ის წესები, რაც შემუშავებულია თითოეული სექტორისთვისა, როგორიცაა ვაჭრობა, წარმოება, სხვადასხვა სახის მომსახურება. ეს წესები უკვე არსებობს ჯანდაცვის სამინისტროში, ყველა სახის პროტოკოლი უკვე შედგენილია და ყველა იმ ეკონომიკური ატქივობის გახსნა, რომელსაც დღეს დავაანონსებთ, ითვალისწინებს იმ ახალი წესების სრული პასუხისმგებლობით შესრულებას, რომელიც დაწესებულია ჯანდაცვის სამინისტროსა და მთავრობის მიერ”, – განაცხადა გახარიამ.