“მათემატიკური მოდელირებით, საქართველოში პანდემია 100%-ით 27 ივლისს დასრულდება”
“მათემატიკური მოდელირებით მიღებული და ვებგვერდზე განთავსებული მონაცემებით, რომელიც განახლებულია 2020 წლის 29 აპრილს, პანდემიის დასრულების თარიღებია:
მსოფლიოში: 97% – 30 მაისი; 99% – 17 ივნისი; 100% – 1-ლი დეკემბერი. საქართველოში: 97% – 6 ივნისი; 99% – 24 ივნისი; 100% – 27 ივლისი”,- ამის შესახებ სამედიცინო უნივერსიტეტ “გეომედის” პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ნაყოფის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პაპიტაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საუბრობს.
მისივე თქმით, ეს არის მათემატიკური მოდელირება და არა – სამეცნიერო კვლევა, მათემატიკურ მოდელირებას კი ნებისმიერი ეპიდემიის დროს იყენებენ და არა – სპეციალურად კორონავირუსისთვის.
“კორონავირუსის პრევენციისთვის რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია, რადგან არავინ იცის, ვინ არის ინფექციის უსიმპტომო მატარებელი. ნებისმიერ პირს არავინ მისცემს გარანტიას, რომ მის ნათესავს, ახლობელს ან მეგობარს არა აქვს აკიდებული უსიმპტომო კოვიდ-19. კანონი ყველასთვის კანონი უნდა იყოს, სხვაგვარად დავმარცხდებით.
რეკომენდაციების მკაცრად დაცვა თანამდებობის პირებსაც ევალებათ – მათ ხშირად ვხედავთ პირბადის გარეშე ტელეეკრანზე. რა მაგალითს აძლევენ სხვებს? ინგლის-რუსეთის მაგალითიც საკმარისია, პრემიერმინისტრებიც ხომ ჩვეულებრივი მოკვდავები არიან და ასეთ დროს სხვებსაც საფრთხეს უქმნიან?
ინფიცირებული პირისგან ვირუსით “დასაჩუქრების” საშიშროების გრადაციები შემდეგია: სუნთქვით, ლაპარაკით, ტირილით, ყვირილით, სიმღერით, ხველით, ცემინებით.
ყველას აინტერესებს, როდის დამთავრდება ეს კოშმარი და როდის დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის მათემატიკური მოდელირება და არა სამეცნიერო კვლევა. მათემატიკურ მოდელირებას ნებისმიერი ეპიდემიის დროს იყენებენ და არა სპეციალურად კორონავირუსისთვის. მოდელირებით მიღებული და ვებგვერდზე განთავსებული მონაცემებით, რომელიც განახლებულია 2020 წლის 29 აპრილს, პანდემიის დასრულების თარიღებია:
მსოფლიოში: 97% – 30 მაისი; 99% – 17 ივნისი; 100% – 1-ელი დეკემბერი. საქართველოში: 97% – 6 ივნისი; 99% – 24 ივნისი; 100% – 27 ივლისი.
ნებისმიერი მათემატიკური მოდელი შეზღუდულია დასკვნების თვალსაზრისით და თვით ავტორები წერენ: “ამ ვებსაიტის შინაარსი მკაცრად განკუთვნილია მხოლოდ საგანმანათლებლო და კვლევითი მიზნებისთვის და შეიძლება შეიცავდეს შეცდომებს. მოდელი და მონაცემები არაზუსტია სხვადასხვა ქვეყნის რთული, განვითარებადი და არაერთგვაროვანი რეალობისთვის. აქ ნებისმიერი პროგნოზი თავისი ბუნებით გაურკვეველია და სიფრთხილით უნდა იყოს მიღებული. ზედმეტი ოპტიმიზმი, რომელიც დაფუძნებულია დასრულების ვადის ზოგიერთ ვარაუდზე, საშიშია და თავიდან უნდა იქნეს აცილებული, რადგან შეიძლება შეასუსტოს ჩვენი დისციპლინა, კონტროლი და გამოიწვიოს ვირუსის შემობრუნება.
მედიკოს-მეცნიერთა აზრით, რომელიც გამოქვეყნდა ა.წ. მარტის ჟურნალ Nature Medicine-ში, ამ ინფექციის გავრცელება იწყება სიმპტომების გამოვლინებამდე 2-3 დღით ადრე და მწვერვალს აღწევს ერთი დღით ადრე. ამასთან, ინფიცირებული პირის ორგანიზმში ვირუსის ყველაზე ძლიერი წარმოება ხდება ინფექციის მოხვედრის დასაწყისში, იმუნური სისტემის ამოქმედებამდეც კი, ანუ მანამ, სანამ სპეციფიკურ სიმპტომებს გამოიწვევს. არსებობს სპეციფიკური და არასპეციფიკური იმუნიტეტი. სპეციფიკური დაფუძნებულია ანტისხეულების გამომუშავებაზე, რომელთა წარმოება იწყება ორგანიზმში ინფექციის შეჭრისთანავე. ჯერ მოქმედებას იწყებს “სასაზღვრო პოლიცია” იმუნოგლობულინები M. შემდეგ ბრძოლაში ერთვება მთავარი კონტინგენტი – იმუნოგლობულინები G. თუ მათი რაოდენობა საკმარისია, შედეგიანი ბრძოლა გარანტირებულია და პაციენტი გამოჯანმრთელდება, თუ არა, დაავადება გადადის ქრონიკულ სტადიაში, ან ორგანიზმი ვერ უძლებს შეტევას და იღუპება… ბრძოლაში მონაწილეობს არასპეციფიკური იმუნიტეტიც, რომელიც დამატებით მოქმედებს ნებისმიერი მავნე უცხო აგენტის ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში, სანამ ძირითადი ძალები მობილიზებული არ იქნება…
არსებობს გენეტიკური და შეძენილი იმუნიტეტი. ძალიან ბევრი ინფექციის წინააღმდეგ ადამიანს აქვს მემკვიდრეობით მიღებული იმუნიტეტი, რომელიც თაობიდან თაობამდე ბუნებრივი შერჩევის პროცესის შედეგად ჩამოყალიბდა. ის შეიძლება იყოს მდგრადი და არამდგრადი. მდგრადი შეიძლება ძლიერი დარჩეს სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო არამდგრადს სხვადასხვა ვარიანტი ახასიათებს. მაგალითად, ზოგიერთი ვენერიული დაავადება არ იწვევს საერთოდ იმუნიტეტის გამომუშავებას და ყოველთვის განმეორდება ახალი ინფიცირების დროს, ზოგიერთი იმუნიტეტი კი არსებობს რამდენიმე თვეს ან წელიწადს. რაც შეეხება ახალ კორონავირუსს, მის მიმართ იმუნიტეტი გამომუშავდება, მაგრამ სიძლიერე ჯერ არ არის დადგენილი. ანტისხეულები გამომუშავდება და ორგანიზმი იბრძვის, მაგრამ რამდენ ხანს შენარჩუნდება, უცნობია. იმუნიტეტიც ორგანიზმის ნაწილია და რაც მოქმედებს ორგანიზმზე, მოქმედებს იმუნიტეტზეც. ეს შეიძლება იყოს დადებითი, მასტიმულირებელი მოქმედება, ან უარყოფითი – დამთრგუნველი. მთავარია, ორგანიზმმა საკუთარი ძალებით შეძლოს მტრის დამარცხება, დანარჩენი კი მხოლოდ და მხოლოდ დამხმარე ძალების გამოყენებაა. ვაქცინაცია ერთ-ერთი მაგალითია სპეციფიკური იმუნიტეტის ხელოვნურად ჩამოყალიბებისთვის… ამასთან, არსებობს იმუნიტეტის როგორც მედიკამენტური, ისე ბუნებრივი სტიმულატორები. მედიკამენტურის დანიშვნა ექიმის პრეროგატივაა. ბუნებრივი სტიმულატორია მწვანე ბოსტნეული – მწვანილი, ბროკოლი, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო… “ჩემპიონია” მოცვი, ქაცვი და მათთან ერთად მოხარშული ასკილი (თუმცა ვისაც სისხლში ტრომბოციტები მომატებული აქვს, მათთვის არ შეიძლება). “სუპერჩემპიონია” კურკუმა და იმბირი, ანუ ჯანჯაფილი, მაგრამ არა დაფხვნილი და გამხმარი. ძალიან სასარგებლოა ცოცხალი კომში თაფლთან ერთად. ხილსა და ბოსტნეულში არ უნდა იყოს გამოყენებული შხამქიმიკატები, სასუქები და პესტიციდები, ამ ნივთიერებებით გაჟღენთილი ხილ-ბოსტნეული შეიძლება იმუნიტეტის დაქვეითების მიზეზადაც კი იქცეს. ისიც უნდა ითქვას, რომ დღევანდელი სამყაროს ეკოლოგიური სიტუაცია პირდაპირ აზიანებს და თრგუნავს იმუნიტეტს. დაბინძურებული ჰაერი, წყალი, ნიადაგი, სურსათი და ფიზიკური ფაქტორები, ელექტრომაგნიტური დასხივება და რადიაციული დაბინძურება, კომპლექსურად ანადგურებს იმუნიტეტს. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი და მძიმე ეკოლოგიური ვითარების შედეგად მოსახლეობის ჯანმრთელობა უკვე შერყეულია. რაც მთავარია, არ არსებობს ადგილობრივი და უცხოეთიდან შემოტანილი პროდუქციის მასობრივი კონტროლი, მათ შორის შხამქიმიკატებით გაჟღენთილი და გენმოდიფიცირებული სურსათისა. ჩემი აზრით, საზღვარზე სპეციალური საკონტროლო ლაბორატორიების განთავსება არც ისე ძვირი დაჯდება, სამაგიეროდ, უამრავ მოქალაქეს (მათ შორის ბავშვებსა და ორსულ ქალებს), სიცოცხლეს შეუნარჩუნებს…”,- განმარტავს პაპიტაშვილი.
კითხვაზე – “როცა შეზღუდვები მოიხსნება და გარეთ გავალთ, უარეს შედეგს ხომ არ მივიღებთ? მით უფრო მაშინ, როცა სპეციალისტები ვირუსის მეორე ტალღას აანონსებენ?”,- პაპიტაშვილი პასუხობს, რომ ეს სავსებით შესაძლებელია.
“ეს სავსებით შესაძლებელია. ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანიდან ადამიანზე გადაცემისას ვირუსის აგრესიულობა შესუსტდეს და დაავადება ყოველ მომდევნოში უფრო იოლად განვითარდეს. ამისთვის ვირუსი მოსახლეობის 2/3-მა მაინც უნდა გადაიტანოს, დაზიანებული იმუნიტეტით კი, ალბათ, ეს არ მოხდება და შეიძლება უარესი შედეგიც მივიღოთ. მითია, თითქოს ზაფხულში ცხელ ტემპერატურაზე კორონავირუსი მოკვდება. სიცხეში მისი გავრცელება შემცირდება – აეროზოლური ღრუბელი, რომელსაც ადამიანი გამოყოფს, სიცხეში უფრო მალე შრება და მერე ილექება, ძირს ვარდება. ვირუსი დიდხანს სიმშრალეს ვერ იტანს და გადაცემის უნარი უფრო შეზღუდულია.
რაც შეეხება კოვიდთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება წამალია, თუ ვაქცინა – წამლის იმედი არ მაქვს, რადგან აქამდე ამ ვირუსის წინააღმდეგ არაფერი გამოუგონიათ. ვერაფერს უხერხებენ ჰერპესვირუსს, რომელიც ნერვულ დაბოლოებებში იმალება, სტრესის დროს გამოდის და გამონაყარი ჩნდება. ასევე ვერაფერი მოუხერხეს ებოლას. ე.წ. ღორის გრიპის დროს შექმნილი “ტამიფლუც” მხოლოდ გრიპის შემსუბუქებას იწვევს და არა – განკურნებას. ისევ ვაქცინაა საშველი. ვაქცინა ხომ ხელოვნურ იმუნიტეტს იწვევს, გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რომელიც ვირუსს ებრძვის. ეს ეპიდემია განმეორდება და რაკი ადამიანის პოპულაციაში დაიდო ბინა, იტრიალებს და ისევ იქნება აფეთქებები. კარგი იქნება, თუ ამ ვირუსის გენური სტრუქტურის ცვლილება არ მოხდა, ვინაიდან მერე ეს ვაქცინა აღარ ივარგებს და ახალი უნდა შეიქმნას”,- განმარტა პაპიტაშვილმა.