ირაკლი ქადაგიშვილი: დაინფიცირებულის ყველა კონტაქტი მოძიებულია და მათი გადაყვანა საკარანტინე სივრცეებში, ყვარელშივე მოხდება

დაინფიცირებული “ევექსის” კლინიკის და სასწრაფო დახმარების ექიმია და მისი ყველა კონტაქტი მოძიებულია. მათი გადაყვანა საკარანტინე სივრცეებში ყვარელშივე მოხდება, – ამის შესახებ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მხარის რწმუნებულის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ყვარლის მუნიციპალიტეტის ჩაკეტვა არ იგეგმება.

“იმ ადამიანებს, რომლებიც ამ შემთხვევის გამო რისკ ჯგუფში არიან, საკარანტინე სივრცეებში გადაიყვანენ. აღნიშნული გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგებთან ერთად მივიღეთ”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის განცხადებით, დაინფიცირებული ქალის თანამშრომლებს  PCR  ტესტირება უკვე ჩაუტარდათ და მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. რაც შეეხება “ევექსის” მედპერსონალს, ნელი ხიზანიშვილის თქმით, მათი ტესტები ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გაგზავნილია და პასუხები სავარაუდოდ, დღეს, საღამოს გახდება ცნობილი.

“დაინფიცირებული ქალის თანამშრომლებს, სასწრაფო დახმარებიდან, ტესტირება ჩაუტარდათ და მათი პასუხები კოვიდ -19 – ზე უარყოფითია. რაც შეეხება ” ევექსის” თანამშრომლებს- მათი ნიმუშები გაიგზავნა და პასუხები სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი. რაც შეეხება დაინფიცირებულის ოჯახის  4 წევრს, მათი ნიმუშებიც აღებულია”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

ცნობისთვის, ყვარლის მუნიციპალიტეტში , კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში გამოვლინდა. აღსანიშნავია, რომ დაინფიცირებულ ქალს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები