თალაკვაძემ, კობახიძემ და კუჭავამ ვიდეოკონფერენციის რეჟიმში შეხვედრა გამართეს
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა – ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის ვიცესპიკერმა – კახა კუჭავამ ვიდეოკონფერენციის რეჟიმში შეხვედრა გამართეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანთან, ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან, გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშთან და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელ კრისტიან ურსესთან.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ელჩებთან საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის პაკეტი და ძირითადი სიახლეები განიხილეს, რომელიც ეუთო-ს რეკომენდაციების გათვალისწინებით მზადდება და რომლის მიღებაც საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე იგეგმება. საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების წესებს, მედიაში პოლიტიკური რეკლამის რეგულაციებს, არჩევნების დღესთან დაკავშირებულ საკითხებს, პარტიების დაფინანსების ახალ მოდელსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს.
საქართველოს პარლამენტი საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების განხილვას საგანგებო მდგომარეობის ამოწურვისთანავე დაიწყებს. პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩებს მადლობა გადაუხადა საარჩევნო სისტემის რეფორმირების პროცესის მხარდაჭერისთვის.