თეა წულუკიანი: ძალიან თანავუგრძნობ მოქალაქე ჯოლოხავას

  იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ადასტურებს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ერთ-ერთი საქმის მოწმეს, ყოფილ პატიმარს გოდერძი ჯოლოხავას პირადად შეხვდა. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი და ჯოლოხავას შეხვედრა 2013 წლის თებერვალში შედგა.
“მე შემიძლია ვთქვა მხოლოდ ერთი რამ, რომ ძალიან თანავუგრძნობ მოქალაქე ჯოლოხავას, რომელსაც შევხვდი 2013 წლის თებერვალში, როგორც ეს აჩვენა ჩემ მიერ გუშინწინ უწყების საშვთა ბიუროდან ამოღებულმა მონაცემებმა. მე მას შევხვდი, მასზე იყო დაშვებული საშვი, როგორც ნებისმიერ იმ მოქალაქეზე, რომელსაც მე ვხვდები. პირდაპირ ვიტყვი და მას ნუ ეწყინება, რომ ის შემეცოდა, როცა ვუსმენდი. ბატონი ჯოლოხავა დეტალურად ყვებოდა, როგორ აწამებდნენ ციხეში და აიძულებდნენ, ყოფილიყო აგენტი. მან ისაუბრა ძალიან ბევრ ისეთ ინფორმაციაზეც, რომლის გამჟღავნებაც ჩემი მხრიდან უპრიანი არ იქნება. ამის შემდეგ, გამომდინარე იქიდან, რომ პრაქტიკულად ცახცახებდა და იყო შეშინებული, მან ითხოვა მოწმის პროგრამაში ჩართვა. მაშინვე დავუკავშირდი არჩილ კბილაშვილს და ეს ადამიანი მეორე დღესვე გადავაბარე მთავარ პროკურორსა და მთავარ პროპკურატურას, რომელსაც ის დაცვის პროგრამაში უნდა ჩაერთო, და თუ საჭიროდ ჩათვლიდა, მოწმედაც დაეკითხა. ამის შემდეგ აბსოლუტურად უცნობია ჩემთვის, რა საუბარი შედგა, ერთი მხრივ, ჯოლოხავასა და, მეორე მხრივ, არჩილ კბილაშვილსა და ლაშა ნაცვლიშვილს შორის. თუმცა მე ძალიან ვწუხვარ. როგორც ჩანს, ეს ადამიანი ვერ იქნა სათანადოდ დაცული. იმედი მაქვს, ამას მთავარი პროკურატურა ახლა გამოასწორებს”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები