მამუკა მდინარაძე: თუ ყველაფერი ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მიხედვით წავიდა, დროებითი კრიზისიდან ძალიან მალე გამოვალთ
„ჩვენ უკვე ზუსტად ვიცით, რომ თუ ყველაფერი ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მიხედვით წავიდა, რაზეც დღეს იყო საუბარი და საზოგადოება ყველა რეკომენდაციას ისევე ზედმიწევნით დაიცავს, როგორც აქამდე მათი უდიდესი უმრავლესობა აკეთებდა, მაშინ, რა თქმა უნდა, ოპტიმისტური განწყობის საფუძველი გვაქვს და ამ გეგმას მივყვებით”, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ქვეყანა დროებითი კრიზისიდან ძალიან მალე გამოვა.
„თუ მოსახლეობა რეკომენდაციებს ისე აღარ შეასრულებს, როგორც აქამდე ასრულებდა, შესაძლებელია, გეგმა უარესობისკენაც შეიცვალოს და იქნება ცუდი შედეგი, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს ასე არ მოხდება. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსახლეობის იმედი, რომელსაც კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო. მოდით, ერთად გადავარჩინოთ სამუშაო ადგილები, ეკონომიკა, ჩვენი ჯანმრთელობა და ჩვენი უფროსი თაობის წარმომადგენლების სიცოცხლე. ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ დროებითი კრიზისიდან ძალიან მალე გამოვალთ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.