ირაკლი კობახიძე: ჩვენი პოლიტიკა ქმნის დამატებით საფუძველს იმისათვის, რომ ოპტიმიზმი შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის კუთხით, მათ შორის კორუფციული პრაქტიკების აღმოფხვრა ბევრი მიმართულებით საბოლოო ჯამში, პირდაპირ აისახება ეკონომიკურ ზრდაზე
ჩვენი პოლიტიკაც ქმნის დამატებით საფუძველს იმისათვის, რომ ოპტიმიზმი შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის კუთხით, მათ შორის კორუფციული პრაქტიკების აღმოფხვრა ბევრი მიმართულებით საბოლოო ჯამში, პირდაპირ აისახება ეკონომიკურ ზრდაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არასწორი პრაქტიკების აღმოფხვრამ შეიძლება, თუნდაც 1-პროცენტიანი ეფექტი იქონიოს ეკონომიკურ ზრდაზე.
„ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი სხვადასხვა მიზეზის გამო, იცით, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პროგნოზიც არის ძალიან კარგი, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზიც არის ძალიან დადებითი. მსოფლიო მასშტაბით მეორე ადგილზე ვართ ზრდის პროგნოზით, გვისწრებს მხოლოდ ერთი ქვეყანა, სადაც ცოტა ხნის წინ ნავთობი აღმოაჩინეს, ძალიან ოპტიმისტურია პროგნოზები.
ჩვენი პოლიტიკაც ქმნის დამატებით საფუძველს იმისათვის, რომ ოპტიმიზმი შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის კუთხით, მათ შორის კორუფციული პრაქტიკების აღმოფხვრა ბევრი მიმართულებით საბოლოო ჯამში, პირდაპირ აისახება ეკონომიკურ ზრდაზე. თუნდაც ის საკითხები, რაზეც ვსაუბრობდი იგივე ინფრასტრუქტურის სფეროში, ხარჯთეფექტიანობის გაუმჯობესება, ნეპოტიზმის აღმოფხვრა და ა.შ. ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ეკონომიკურ ზრდაზე. არასწორი პრაქტიკების აღმოფხვრამ შეიძლება, თუნდაც 1-პროცენტიანი ეფექტი იქონიოს ეკონომიკურ ზრდაზე. ერთი პროცენტი ნიშნავს მილიარდ ლარზე მეტს, ცოტად რომ არ მოეჩვენოს ვინმეს. ასევე თქვენ იცით, რომ აქტიურად ვმუშაობთ ინვესტიციებზე, მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია „იგლ ჰილსის“ ინვესტიცია, რომლის ჩადება საქართველოში უკვე დაიწყება მომავალი წლიდან. ჩვენ საზოგადოებას უკვე გავაცანით დეტალურად ამ ინვესტიციის მოსალოდნელი ეფექტი ეკონომიკაზე. 11 მილიარდით გაიზრდება მხოლოდ ამ ერთი ინვესტიციის საფუძველზე ჩვენი ეკონომიკა. რაც შეეხება ბიუჯეტს, საშუალო წლიურად 10 წლის განმავლობაში, 700 მილიონი ლარი დაემატება ჩვენ სახელმწიფო ბიუჯეტს, რაც ბუნებრივია, დამატებითი შეუწყობს ხელს ზოგადად ეკონომიკის განვითარებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.