ირაკლი კობახიძე: შანტაჟის ვერც ერთი ინსტრუმენტი ვერ აიძულებს ქართულ საზოგადოებას, გადადგას ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

შანტაჟის არც ერთი ინსტრუმენტი აღარ გამოდგება საქართველოში რევოლუციური პროცესების განსავითარებლად. ერთ-ერთი ასეთ პოტენციური ინსტრუმენტი იყო ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, თუმცა ეს ინსტრუმენტიც არ ამოქმედდა და ვფიქრობ, მთავარი მიზეზი არის ის, რომ ყველამ გაიგო ყველაფერი – ყველამ გაიგო ის, რომ შანტაჟის ვერც ერთი ინსტრუმენტი ვერ აიძულებს ქართულ საზოგადოებას, გადადგას ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ პრაქტიკული ნაბიჯების თვალსაზრისით კონკრეტული ბიუროკრატები უფრო პრაგმატულად იმოქმედებენ.

„როდესაც ისინი ხედავენ, რომ შანტაჟს ვერ ექნება ეფექტი, ისინი შესაბამის ნაბიჯებს არ დგამენ და ეს არის ერთი პრაგმატული ქმედება, რასაც ისინი ახორციელებენ. რაც შეეხება ურთიერთობების გადატვირთვას, რაც იქნებოდა ყველაზე პრაგმატული ნაბიჯი ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ობიექტურად, ევროკავშირის ინტერესებში არავითარ შემთხვევაში არ შედის საქართველოსთან ასეთი ურთიერთობების შენარჩუნება. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ევროკავშირს ისედაც აქვს სირთულეები, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით, რაც გამოიწვია უკრაინაში დაწყებულმა ომმა. ევროკავშირს შეეზღუდა წვდომა იაფ ბუნებრივ რესურსებზე, რუსულ რესურსებზე და ასევე ევროკავშირმა დაკარგა ძალიან მომგებიანი რუსული ბაზარი. ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ევროკავშირის ინტერესებშია, გამოძებნოს ახალი გზები აღმოსავლეთის მიმართულებით და ამ კუთხით ერთადერთ ეფექტური გზა არის საქართველოს გზა – შავი ზღვა, საქართველო და შემდეგ ჩვენი მეზობელი ქვეყნები, ცენტრალური აზიის ქვეყნები და ა.შ. შესაბამისად, ობიექტურად, ევროკავშირის ინტერესებშია, განავითაროს ეს მიმართულება მაქსიმალურად და აღადგინონ ჯანსაღი ურთიერთობები საქართველოსთან. როდესაც ევროკავშირი ამ პირობებში ამას არ აკეთებს, ჩვენ შეგვიძლია, გამოვიტანოთ ლოგიკური დასკვნა, რომ ევროპული ბიუროკრატია ვერ მოქმედებს სუვერენულად და ევროკავშირის და ევროპული საზოგადოების ობიექტური ინტერესების შესაბამისად. სხვა არც გამართლება და არც ახსნა ასეთ დამოკიდებულებას არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები