ირაკლი კობახიძე: ყველაფრის გაანალიზების შემდეგ მივედით დასკვნამდე, რომ შესაძლებელია, ქართული ფასები მაქსიმალურად მიუახლოვდეს ევროპულ ფასებს, ფარმაცევტულ სექტორშიც ფასები ძალიან მაღალია და ვფიქრობთ, იქაც შეიძლება ცვლილების მიღწევა
საბოლოო ჯამში, ყველაფერი რომ გავაანალიზეთ, მივედით დასკვნამდე, რომ შესაძლებელია, ქართული ფასები მიუახლოვდეს მაქსიმალურად ევროპულ ფასებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დეტალურად გაკეთდა ანალიზი იმასთან დაკავშირებით, თუ რა იწვევს ფასების ზრდას.
„ჩვენ გავაანალიზეთ ვითარება. მადლობა ამისათვის ეკონომიკის მინისტრს და ეკონომიკის სამინისტროს. დეტალურად გაკეთდა ანალიზი იმასთან დაკავშირებით, თუ რა იწვევს ფასების ზრდას. შედეგი არის ის, რომ ფასნამატი არის ძალიან მაღალი. საქართველოს საზღვრიდან დახლამდე ფასნამატი შეადგენს 86 პროცენტს და დახლამდეც ვერ ვიტყოდით, რადგან აქ არ შედის არც იმპორტის და არც დღგ-ს გადასახადი. ამის გარეშე, არის ფასნამატი 86 პროცენტი, რაც არის ძალიან მაღალი. ამაში არ შედის ასევე საზღვრამდე ფასნამატი. მთლიანობაში რომ დავაჯამოთ, არის საკმაოდ მაღალი ფასნამატი, რაც საბოლოო ჯამში იწვევს პროდუქტებზე ფასების გაძვირებას. ჩვენ ასევე შესწავლილი გვაქვს, თუ როგორია ფასნამატი თავად ევროპის ქვეყნებში, საბითუმო ფასსა და საცალო ფასს შორის, ეს მერყეობს დაახლოებით 30-დან 40 პროცენტამდე. საბოლოო ჯამში, ყველაფერი რომ გავაანალიზეთ, მივედით იმ დასკვნამდე, რომ შესაძლებელია, ქართული ფასები მიუახლოვდეს მაქსიმალურად ევროპულ ფასებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის შესაძლებელი. დანარჩენი არის დამატებითი შესწავლის საგანი.
ჩვენ უნდა დავიწყოთ პროცესი, რაც ძალიან რთული იქნება, მაგრამ გვინდა, რომ მაქსიმალურად სწრაფად წარიმართოს ეს ყველაფერი. დაგვჭირდება კონსულტაციები სადისტრიბუციო კომპანიებთან და ასევე სუპერმარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან. როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტმა უკვე დაადასტურა მზაობა, რომ შექმნას საპარლამენტო კომისია ამისათვის და სამართალდამცველმა სტრუქტურებმა ასევე გამოხატეს მზაობა, რომ შექმნან შესაბამისი პროცესი უშუალოდ სამართალდამცავ სტრუქტურებში. ბუნებრივია, ამ ყველაფერმა უნდა მოგცეს შედეგი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ფასების დაწევა პროცესის საფუძველზე არის შესაძლებელი. იგივე ეხება, მათ შორის ალბათ ფარმაცევტულ სექტორსაც. აქაც ფასები ძალიან მაღალია და ვფიქრობთ, რომ იქაც შეიძლება ცვლილების მიღწევა. ეს არის საზოგადოების ინტერესებში. მთავარია, ჩვენ ზუსტად დავადგინოთ, სად იმატებს ფასი ჭარბად და სად არის შესაძლებელი ფასნამატის შემცირება, იქ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია, ვიფიქროთ ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობაზე, ასეთი კანონმდებლობის შემოღებაზე და სხვა ზომებზე, რამაც შეიძლება, საბოლოო ჯამში უზრუნველყოს ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესების უკეთ დაცვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.