ირაკლი კობახიძე: მთავრობის ყველა აქტი არის გამჭვირვალე, გავაჯანსაღეთ შესყიდვებისა და ტენდერების პრაქტიკა, მთლიანად ჩავკეტეთ პირდაპირი წესით პრივატიზაცია, თუ ვინმე სადმე აღმოაჩენს კორუფციის ნიშნებს, პირველი ჩვენ ვიქნებით, ვინც ამაზე რეაგირებას მოახდენს
ზუსტად 2 წლის წინ შედგა ჩვენი პარტიის ყრილობა, პოლიტიკაში დაბრუნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი პარტიის დამფუძნებლის რანგში და მან ერთ-ერთი მთავარი განცხადება ამ ყრილობაზე გააკეთა სწორედ კორუფციასთან დაკავშირებით, ისაუბრა კორუფციის რისკებზე და იმაზე, რომ აქ საჭირო იყო ჩარევა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, იქიდან მოყოლებული, ჩვენ აქტიურად დავკავდით ამ საკითხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გარკვეული ტენდენციები ამ მიმართულებით 2022 წლის ბოლოდან უკვე იყო და მიმდინარე გამოძიების ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ 2023 წელს გაღრმავდა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ქმედითი ნაბიჯების გადადგმას დრო დასჭირდა, მათ შორის იმის გამო, რომ რთული პოლიტიკური ვითარება იყო.
„ბევრ საკითხს სჭირდებოდა ჩაღრმავება, გამოძიება, თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენ გავედით შედეგზე. რაც შეეხება წარსულში ჩადენილ დანაშაულებს, ბუნებრივია, ამის ბოლომდე გამოძიებაც არის მნიშვნელოვანი, ეს ერთი, მაგრამ ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, დღეს და ხვალ აღმოვფხვრათ ასეთი პრაქტიკა. ამას სჭირდება კონკრეტული მექანიზმები. პირველ რიგში ვახსენებ მაგალითად გამჭვირვალობის თემას. მთავრობის ყველა აქტი არის გამჭვირვალე, უკვე თითქმის 2 წელია, 8 თებერვლიდან მოყოლებული, მთავრობის ყველა აქტი ქვეყნდება მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე. ყველას შეუძლია, ჩაიხედოს მთავრობის აქტებში და თუ ვინმე რაიმე კორუფციის ნიშანს აღმოაჩენს მთავრობის აქტებში, ნებისმიერს შეუძლია, მოგვმართოს კითხვებით. გარდა ამისა, ჩვენ გავაჯანსაღეთ შესყიდვებისა და ტენდერების პრაქტიკა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ინფრასტრუქტურის სფეროში, სადაც გამოვლინდა არაერთ ხარვეზი და დღეს პროცედურები არის სრულიად გამჭვირვალე. მათ შორის, ჩვენ შესაბამისი ელექტრონული პლატფორმაც განვავითარეთ იმისთვის, რომ აბსოლუტურად ღიად წარიმართოს ყველა შესაბამისი პროცედურა. თუ ვინმე აღმოაჩენს კორუფციის რაიმე ნიშანს შესყიდვებში, ტენდერებში, განხორციელებულ პროექტებში ხარისხის კუთხით, ხარჯთეფექტიანობის კუთხით, ნებისმიერს შეუძლია, დასვას კითხვები და ჩვენ მზად ვართ პასუხისთვის. პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ სრულად ვიზრუნებთ ჩვენ როგორც ხარჯთეფექტიანობის, ისე ხარისხის უზრუნველყოფაზე. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, კორუფციის ერთ-ერთი პოტენციური წყარო იყო პრივატიზაცია, რასთან დაკავშირებითაც მიდგომები ასევე შეიცვალა.
„მთლიანად ჩავკეტეთ პირდაპირი წესით პრივატიზაციის პრაქტიკა. ყველაფერი გამოდის აუქციონზე, ნებისმიერი შესაბამისი ობიექტი გამოდის აუქციონზე და აბსოლუტურად ღია პროცედურით ხდება შესაბამისი ობიექტების შესყიდვა, რაც მთლიანად გამორიცხავს კორუფციას და უზრუნველყოფს იმას, რომ ამ ყველაფრიდან მაქსიმალურ სარგებელს იღებს სახელმწიფო ბიუჯეტი. ეს არის ჩვენთვის მთავარი. რაც შეეხება ნეპოტიზმს, იყო ფიქტიური გაფორმებების პრაქტიკა, ხშირად ამას ჰქონდა თუნდაც სოციალური საფუძველი და ა.შ. მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ დავიწყეთ ამაზე აქტიურად მუშაობა და იგივე სახელმწიფო საწარმოებში და ასევე სამინისტროებში მთლიანად აღვკვეთეთ ეს პრაქტიკა. მაგალითად, მარტო რკინიგზაში და ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში ყოველწლიურ ჭრილში უკვე დაიზოგა დაახლოებით 60 მილიონი ლარი. რამხელა შეღავათია ეს სახელმწიფოსთვის, თავადაც შეგიძლიათ, განსაჯოთ. ბუნებრივია, ეს თანხები ჩაბრუნდება ისევ რკინიგზის, ენერგეტიკის სექტორის და ზოგადად, ქვეყნის განვითარებაში. ეს არის ჩვენთვის მთავარი. თუ ვინმე სადმე აღმოაჩენს კორუფციის ნიშნებს, პირველი ჩვენ ვიქნებით, ვინც ამაზე რეაგირებას მოახდენს. წარმოადგინონ ნებისმიერი ასეთი ფაქტი დღეიდან, ხვალიდან და მზად ვართ პასუხების გაცემისთვის და რაც მთავარია, რეაგირებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.