“გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისგებაში მიცემულია 4 პირი, მათ შორის, პასუხისგებაშია მიცემული ის კონკრეტული ბრალდებული, რომელმაც უშუალოდ მიაყენა მძიმე დაზიანება მას” – ამის შესახებ სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს ხელმძღვანელი, ნინო აღლემაშვილი აცხადებს.
“დაზიანებამ გიგა ავალიანის გარდაცვალება გამოიწვია. ბრალდების მხარემ ასევე პასუხისგებაში მისცა ყველა ის პირი, ვისაც ჰქონდა დანაშაულის შესახებ ინფორმაცია და ეს ინფორმაცია არ მიაწოდეს სამართალდამცავ წარმომადგენლებს.
გვინდა ხაზგასმით განვაცხადოთ, ჩვენ არ გვაქვს ინტერესი, საქმეში რომელიმე პირს ხელი დავაფაროთ ან არ შევაფასოთ სათანადოდ მისი ქმედება, მაგრამ ამავე დროულად უნდა გვესმოდეს, რომ ბრალდების მხარეს სჭირდება კონკრეტული ინფორმაცია იმისათვის, რომ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება, რადგან სამართალში არსებობს მტკიცებულებითი სტანდარტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი პირის ქმედება უნდა დადასტურდეს შესაბამისი ინფორმაციით, ინფორმაციით, რომელიც იქნება უტყუარი და დამაჯერებელი.
ამ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ჩვენ გვყავს ბრალდებული, რომელმაც უკვე ვიცით, რომ მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება გიგა ავალიანს. გარდა ამისა, მინდა განვმარტო, რომ გამოძიება მიმდინარეობს გამოყოფილ საქმეზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვცდილობთ მოვიპოვოთ სრულყოფილი ინფორმაცია მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით და დამატებითი ნებისმიერი ინფორმაცია რა საკვირველია განაპირობებს ჩვენს გადაწყვეტილებას.
კიდევ ერთხელ გვინდა განვმარტოთ, რომ ბრალდების მხარე ამ შემთხვევაში და ნებისმიერი პროკურორი, რომელიც ამ საქმეში იღებს მონაწილეობას, არის მზად რომ შეხვდეს დაზარალებული მხარის ნებისმიერ წარმომადგენელს, ჰქონდეს მასთან საუბარი ამ სისხლის სამართლის საქმეზე, აუხსნას ნებისმიერი დეტალი, მოისმინოს დაზარალებული მხარის არგუმენტაცია, მათი მოსაზრებები და ჩვენ რა საკვირველია, მაქსიმალურად ვცდილობთ და ვეცდებით მომავალში, გავითვალისწინოთ დაზარალებულის პოზიცია”, – აცხადებს აღლემაშვილი.
შეგახსენებთ, გიგა ავალიანს ფიზიკურად პირველ ოქტომბერს გაუსწორდნენ. რამდენიმე დღეში კი, მიღებული დაზიანებებით, ის კლინიკაში გარდაიცვალა.