მამუკა მდინარაძე: ანტიკრიზისული გეგმა დაიცავს ბალანსს ეკონომიკის გახსნის გეგმასა და ეპიდემიის გავრცელების საფრთხეს შორის

„დღეს განვითარებაზე ვერ ვლაპარაკობთ, დღეს ვლაპარაკობთ გადარჩენაზე – დაწყებული ადამიანის ჯანმრთელობიდან და სიცოცხლიდან, გაგრძელებული ბიზნესითა და ქვეყნის ეკონომიკით. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ კარგად გაიგოს, რომ ეს არ არის განვითარების გეგმა. ეს არის ამ კრიზისში კონკრეტული პერიოდის გეგმა, რომელიც ერთი მხრივ, დაეხმარება ადამიანებს, მეორე მხრივ კი, იმ ეტაპებს, რომელიც პრემიერმა დღეს საზოგადოებას წარუდგინა ანუ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა დაიცავს ბალანს ეკონომიკის გახსნის გეგმასა და ეპიდემიის გავრცელების საფრთხეს შორის”, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე საუბრისას.

„რა თქმა უნდა, ვინც საშემოსავლოს იხდიდა – 350 ათასი ადამიანი, ექვსი თვის განმავლობაში მიიღებდა 1200 ლარზე გაცილებით მეტს. შესაძლებელია, ერთ თვეშიც კი მეტი ჰქონოდა თითოეულ მათგანს, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ ელემენტარული პურის ფული მაინც ჰქონდეთ ადამიანებს, რომ მათ არ შეექმნათ ელემენტარული საკვების პრობლემა. გარდა ამისა, აქ არ არის საუბარი მხოლოდ საკვების თანხებზე და ამ კუთხით მხარდაჭერაზე. ჩვენ უკვე გადავდგით ნაბიჯი კომუნალური გადასახადების დაფარვის კუთხით და, დაახლოებით, მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა ამით. ამას ემატება უამრავი მხარდაჭერის და ხელშეწყობის პროექტი, რომელიც ჩაიდო ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაში”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები