ივანე მაჭავარიანი: თუ ოპოზიციას ჰგონია, იმდენად კარგია მთავრობის დღევანდელი შეთავაზება, რომ საარჩევნოდ გამოდგება, ე.ი. საკმაოდ ნორმალური პაკეტი გვქონია
“თუ ოპოზიციას ჰგონია, რომ იმდენად კარგი შეთავაზებაა, რომ საარჩევნოდ გამოდგება, ე.ი. საკმაოდ ნორმალური პაკეტი გვქონია და თუ არ გვყოფნის, ე.ი. საარჩევნოდ დამაზიანებელი ყოფილა და არჩევნებთან არ ჰქონია კავშირი. ასე რომ, ეს ორი საკითხი ეწინააღმდეგება ერთმანეთს”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ უმუშევრად დარჩნელებისთვის 200-ლარიანი დახმარება, ბუნებრივია, სრულად ვერ აანაზღაურებს იმ შემოსავალს, რაც დაიკარგა და ეს არის საბაზისო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საჭირო თანხა.
„200-ლარიანი დახმარება უმუშევრად დარჩენილ ადამიანზე 6 თვის განმავლობაში არის თუ არა ბევრი ან ცოტა? რასაკვირველია, ვიცით, რომ თვეში 200 ლარი არ არის მაღალი თანხა და არცერთ კომპენსაციას არცერთ ქვეყანაში არ აქვს ის მიზანი, რომ სრულად აანაზღაუროს ის შემოსავალი, რაც დაიკარგა. ჩვენ შემთხვევაში ეს არის ის მინიმუმი, რამაც შეიძლება, ადამიანს, ზუსტად იმიტომ, რომ სახლში ჯდომა მოუწია, საბაზისო მოთხოვნები დაუკმაყოფილოს“ – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
როგორც მან განმარტა, არსებული შესაძლობებიდან გამომდინარე, ქვეყანამ მაქსიმალური მსხვილი საერთაშორისო ფინანსური რესურსის მოზიდვა და დახმარების პაკეტის შეთავაზება შეძლო.
„ამერიკის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 1200 დოლარი დაურიგოს მოქალაქეების ნაწილს, ერთჯერადად. ჩვენთან შედარებით მსყიდველობითი უნარი რომ ავიღოთ, ფაქტობრივად, იმავეს ვიძლევით, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები. ამ კუთხით, ჩვენ საკამოდ სოლიდური პაკეტი გვაქვს იმის ფონზე, რა ტიპის ეკონომიკა და რა შესაძლებლობებიც გვაქვს”, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.