„სიკვდილის ლხინი ასპინძაში“ – 20 აპრილს ასპინძის ომის 250 წლისთავი სრულდება

2020 წლის 20 აპრილს ასპინძის ბრძოლის 250 წლის იუბილეა. ამასთან დაკავშირებით გაზეთი „ლიტერატურული მესხეთი“ აქვეყნებს სტატუსს.
„წელს ასპინძის ბრძოლის 250 წლის საიუბილეოდ აქტიურად ვემზადებოდით წიგნის გამოსაცემად, რომლის გარეკანიც შეგიძლიათ იხილოთ აქვე. წიგნი გამოსაცემად მზადაა, მაგრამ დაბეჭდვას ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა უშლის ხელს.
ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ვუსურვებთ შეჭირვებულ და განსაცდელში მყოფ ადამიანებს, ჩვენ კი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა დანარჩენ სამყაროსთან ერთად მალე გადალახავს ამ გამოწვევას, წიგნი კი მალე იხილავს დღის სინათლეს.
ამ ეტაპზე მხოლოდ წიგნის გარეკანს გთავაზობთ.
მკითხველს შევახსენებთ, რომ ერეკლე II-ის სამხედრო და პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდი ადგილი ეკავა ქართლ-კახეთისათვის „ახალციხის ქვეყნის“, მესხეთის შემოერთების საკითხს.
როგორც შოთა ლომსაძე გვამცნობს, 1769 წელს ერეკლეს დავალებით შედგენილ საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნების მოკლე აღწერაში ნათქვამია: „ახალციხის ქვეყანა არის ქართლის ქვეყნის ნაწილი ერთი, რომელიც ახლა უჭირავს ხვანთქარსა ძალით“.
ანტონ კათალიკოსისა და უფლისწულ ლეონის 1772 წლის ელჩობა რუსეთის იმპერატორის კარს დაჟინებით სთხოვდა: „არ დაშთეს ამის უფრო გრძლად დაუპყრობლად ქვეყანაი ახალციხისა, რომელიც ჩვენი ადგილი იყო და თუ შერიგება იქნა [რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებს შორის – რედ.], მაშინ თურქის სახელმწიფოდ არ დაშთეს, არამედ გამოერთვას, რადგან საქართველოს მიწა რის და მრავალნი ქრისტიანენი არიან მას შინა და ყოველ წელიწადს მძლავრებით მახმადიანთ მრავალს გარდააქცევენ”.
თუმცა ამ ელჩობამდე ზუსტად ორი წლით ადრე იყო ასპინძის ბრძოლა.
1770 წლის 18 აპრილს, ასპინძის ომამდე 2 დღით ადრე ტოტლებენმა ერეკლესთან შეუთანხმებლად აწყურის ციხეს ალყა მოხსნა. ამ ფაქტის შემდეგ, როგორც ერეკლე გოლიცინს წერდა: „მიველ და ღრაფს ვევედრე და ჩემი თავი ვითარცა ერთი მისის კამანდისა ოფიცერი ეგრეთ კამანდაში ვაძლიე და მრავალსა ვევედრე გამობრუნებას მტერზედო”.
ორი დღის შემდეგ ტოტლებენისგან ნაღალატევი მეფე მის დაუხმარებლად შეძლებს ბრძოლის მოგებას, მაგრამ მესხეთი მხოლოდ ნახევარი საუკუნის მერე შემოუერთდება დანარჩენ საქართველოს.

იმდროინდელ ამბებს ხალხური ლექსი ალბათ უკეთ გადმოსცემს:

ცა და ქვეყანა დაღრუბლა, სულ დედამიწა ღვარაო.
ერეკლე აწყვერს მოსულა, შვიდი დღე–ღამე მდგარაო.
ერეკლე აწვერს ვერ დადგა, ჯავახეთს გაეჩქარაო,
ასპინძის ბოლოს ავიდა, დელიბაშს დაეხალაო.
აქაც გამართეს დოგუში, დელიბაშს უყო ძალაო.
რუსმა აართვა ღალატი, ქურდულებ გაიპარაო.
ერეკლემ გადმოიხედა, ცრემლები გადმოჰყარაო.
”მაცადე, ჩემო ბერქვენო, მაცადე ჩემო ლალაო!
მრავალ დოგუშს გაგიმართავ, თუ ღმერთმა დამაცალაო!”
აშურმიანი ლეკები უკუღმა წყალში ყარაო,
იმათი თოფ-იარაღი ქალაქში გადიტანაო.
ეს ლექსი შიომ მასწავლა, კიდეც ითხოვა ფარაო“, – აღნიშნულია „ლიტერატურული მესხეთის“ ფეისბუქსტატუსში.

 1770 წლის 20 აპრილს სოფელ ასპინძასთან ოსმალების წინააღმდეგ ქართველთა ბრძოლა გაიმართა. ეს მოხდა 1768–74 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს. ამ ომში ქართველები რუსეთის მოკავშირეებად გამოდიოდნენ.
1770 წლის გაზაფხულზე ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II 7- ათასიანი ლაშქრით და რუსი გენერალი ტოტლებენი 1200 ჯარისკაცით ახალციხის საფაშოში შეიჭრნენ. ერეკლეს მიზანი იყო ქართული მიწების განთავისუფლება ოსმალთა ბატონობისაგან, მაგრამ ტოტლებენი, რომელსაც, როგორც შემდეგ გაირკვა, ქართლ-კახეთის ხელში ჩაგდება და რუსეთისათვის გადაცემა სურდა, მოულოდნელად უკან გაბრუნდა თავისი რაზმით. ოსმალები შეეცადნენ მოკავშირის გარეშე დარჩენილი ქართველების განადგურებას, მაგრამ ერეკლემ ზედიზედ დაამარცხა ჯერ მათი 1500-კაციანი რაზმი, ხოლო შემდეგ ლეკ-ოსმალთაგან შემდგარი 4-ათასიანი (სხვა ცნობებით, 8 – ათასიანი) კორპუსი. მოწინააღმდეგის ნარჩენებმა გაქცევით უშველეს თავს.

ფოტოებზე: გამოსაცემად მომზადებული წიგნის გარეკანი და ე.წ. „ერეკლეს ნახიდარი“ ასპინძასთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები