ხურვალეთში ოკუპირებულ ტერიტორაზე დარჩენილი დათა ვანიშვილის ოჯახის 2 წევრი ოკუპანტებმა დააკავეს
სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილი და რძალი რუსმა ოკუპანტებმა საკუთარ სახლში დააკავეს. აღნიშნულის შესახებ დათა ვანიშვილმა „ამერიკის ხმას” განუცხადა. ვანიშვილის თქმით, ოჯახში 6 რუსი ჯარისკაცი შევიდა და მისი ოჯახის წევრები მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ ქართველები არიან.
„მისი მეუღლეც წაიყანეს, პატარა გოგოა ტირილით წაიყავნეს. აქ რა უნდა ქართველსო. სახლში შევიდნენ, ექვსნი იყვნენ. ეხლა პენსიაზე როგორღა გადავიდე, ფულიც აღარ მაქვს“, – განუცხადა „ამერიკის ხმას“ დათა ვანიშვილმა.
როგორც „რეგიონალურ კვირას“ ხურვალეთში მცხოვრებმა განუცხადა, დათა ვანიშვილის შვილიშვილი თავის მეუღლესთან ერთად დათას სახლში ცხოვრობდა, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული.
“შვილიშვილი დიდი ხანი არაა, რაც დაოჯახდა და ცოლთან ერთად დათას სახლში ცხოვრობს. ჩვენც გავიგეთ, რომ დაიჭირეს, თუმცა რა მიზეზით ან სად არიან გადაყვანილები ნამდვილად არაფერი ვიცით”, – განაცხადა ხურვალეთის მკვიდრმა.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით “რეგიონულ კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუხადეს, რომ ინფორმაციის დაზუსტება მიმდინარეობს და ევროკავშირის ცხელი ხაზია ამოქმედებული.
„ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარ შესაძლო ინციდენტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება“, – ნათქვამია სუს ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში