შიდა ქართლში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს
შიდა ქართლში სასოფოლო-სამეურნეო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს და, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით ხორციელდება.
კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის პარალელურად, კერძო სექტორი აქტიურადაა ჩართული სოციალური პასუხსმგებლობის კუთხით. შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებითა და კომპანია “აკა ენერჯის” ფინანსური მხარდაჭერით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე ოთხი სოფლის მოსახლეობისთვის მიწის ფართობები მუშავდება, გადაეცემათ სათესლე მასალაც. ასევე, კომპანია საკუთარი ფინანსებით უზრუნველყოფს დათესვის სამუშაოებსაც.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ხოჯევანიშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკაში იმყოფებოდა და ხვნის პროცესს ადგილზე გაეცნო.
“არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ოთხი სოფლის მოსახლეობისთვის კერძო კომპანიამ თანხა გამოყო და, ამჟამად, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ჯამურად, იხვნება და მუშავდება 10 ჰა მიწის ფართობი. სათესლე მასალა თავად ადგილობრივებმა შეარჩიეს. აქვე გეტყვით, რომ რეგიონში შეუფერხებლად განაგრძობენ მუშაობას შხამ-ქიმიკატების მაღაზიებიც. შესაბამისად, ფერმერებს პესტიციდებთან დაკავშირებით პრობლემა არ შეექმნებათ”, – აღნიშნა რწმუნებულმა.