COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი პოლიტიკის გატარება გრძელდება
COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი პოლიტიკის გატარება გრძელდება. სწორედ ეს საკითხები იყო განხილული ადამიანის უფლებების საბჭოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე.
ძალადობის გაზრდილი რისკი მსოფლიოში მიმდინარე კრიზისის ანალიზისას ერთ-ერთ გამოწვევად სახელდება. საქართველოში პანდემიის ფონზე ოჯახში ძალადობის რიცხვის ზრდა ამჟამად არ აღინიშნება. თუმცა, ეკონომიკურ და სოციალურ რისკებთან ერთად, სახელმწიფოს მხრიდან მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების კონტროლიც.
პრემიერის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე საგანგებო მდგომარეობის დროს ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით მიღებულ ზომებზე მოხსენება გააკეთეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და გენერალური პროკურორის მოადგილეებმა, ასევე, სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს” ხელმძღვანელმა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელმა.
24-საათიან რეჟიმში განაგრძობს მუშაობს საკონსულტაციო ცხელი ხაზი – 116 006. უფასო, ანონიმურ ცხელ ხაზზე ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაცია 8 ენაზე გაიცემა.
მუდმივ რეჟიმში ფუნქციონირებას აგრძელებს 112-ის ცხელი ხაზიც. 112-თან დასაკავშირებლად შესაძლებელია მობილური აპლიკაციის (112 Georgia) გამოყენებაც.
ქვეყნის მასშტაბით მუშაობას განაგრძობენ კრიზისული ცენტრები და თავშესაფრები. ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ნაწილობრივ დისტანციური რეჟიმით უწყვეტ განაგრძობს უფასო იურიდიული და ფსიქო-სოციალური სერვისების მიწოდებას. მხარდაჭერის ნუსხას, ახლო მომავალში დაემატება დისტანციური ფსიქოლოგიური კონსულტაციების სერვისებიც.
ოჯახში ძალადობის მონაცემების უფრო დეტალურად შეფასების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი ამჟამად სპეციალურ მეთოდოლოგიაზე მუშაობს.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის მოადგილეები, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი, რელევანტური სამთავრობო უწყებების, საერთაშორსო და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რასაც ყოველდღიურ პრაქტიკაში აწყდებიან შეცვლილი ვითარებიდან გამომდინარე. კომისია გააგრძელებს დასახელებულ გამოწვევებზე მუშაობას მათი აღმოფხვრის მიზნით.