ბიძინა კულუმბეგოვი: დაავადების პიკს, ალბათ, აპრილის შუა რიცხვებიდან უნდა ველოდოთ

“დაავადების პიკს, ალბათ, აპრილის შუა რიცხვებიდან უნდა ველოდოთ. მთავარია, დავრჩეთ სახლში და ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით გავითვალისწინოთ”, – ამის შესახებ იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში კორონავირუსთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჩვეულებრივ, პიკი, დაახლოებით, თვე-ნახევარს გრძელდება.

“დაავადების პიკს, ალბათ, აპრილის შუა რიცხვებიდან უნდა ველოდოთ. ჩვენნაირ ქვეყნებში პირველად აღმოჩენილი შემთხვევიდან, დაახლოებით, 35-40 დღის შემდეგ დაიწყო ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი მატება. დაავადებულთა მაქსიმალური რაოდენობა ჩვენთანაც, ალბათ, აპრილის ბოლოს გამოვლინდება. კარანტინის პირობებში დღეში შეიძლება, 20-30 შემთხვევა გამოვლინდეს. თუ თვეში 1000 შემთხვევაზე მეტი არ იქნება, ეს ნიშნავს, რომ კრიტიკული პაციენტების რაოდენობა საშუალოდ 5%-ია და მათ რეანიმაციას საქართველო უნდა გაუმკლავდეს. მთავარია, დავრჩეთ სახლში და ზედმიწევნით გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია. ასეთ პირობებში ცხოვრება რამდენ ხანს გაგრძელდება, ეგ არავინ იცის. ბრიტანელი და ამერიკელი ექსპერტები ამბობენ, დაახლოებით, ზაფხულამდე – აგვისტომდე ნორმალურ ცხოვრებას ვერ დავუბრუნდებითო. რაც შეეხება დაავადების მეორე ტალღას –  ჯერჯერობით, არ დგინდება, რომ ადამიანებს COVID-19 მეორედ ემართებათ. მეორე ტალღა ნიშნავს, რომ შეიძლება, კარანტინის პირობებში ჩაცხრეს ვირუსი, ხალხი კარანტინიდან გაუშვან და მერე ახალი აფეთქება დაიწყოს. აი, ჩინეთში ახლა სწორედ ამის ეშინიათ. ჩვეულებრივ, პიკი გრძელდება, დაახლოებით, თვე-ნახევარს, მერე კი შემთხვევათა რაოდენობის კლება დაიწყება”, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

იმუნოლოგმა ინტერვიუში ბცჟ აცრის შესახებაც ისაუბრა.

“ქვეყნებში, სადაც ბცჟ აცრა სავალდებულოა – ასეთია იაპ­ონია და კორეა – შედარებით ნაკლებია მძიმე შემთხვევების რაოდენობა და, ცხადია, სიკვდილიანობაც. ჩვენთან, ჯერჯერობით, გარდაცვლილია ხანდაზმული პაციენტი, რომელსაც ჰქონდა მძიმე თანამდევი დაავადებები, კრიტიკული პაციენტების რაოდენობით კი მაინცდამაინც დაბალ ნიშნულზე არ ვართ. ზოგ ქვეყანაში­ ყველა დაავადებული მსუბუქია, ანთება არავის აქვს, არავის სჭირდება რეანიმაცია… სავარაუდოდ, ესპანეთსა და ამერიკაში გარდაცვლილი ხუთი ქართველიც აცრილი იყო ბცჟ ვაქცინით, ამიტომ ამის იმედად ვერ ვიქნებით, ეს ვარაუდია”, – განმარტა კულუმბეგოვმა.

მისივე თქმით, კორონავირუსი ერთი სახეობის ვირუსია, მაგრამ გენომური თანაფარდობა და ამინომჟავების შემადგენლობა ყველა კორონავირუსს იდენტური არ აქვს.

“ამერიკის ალერგიულ და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ გლობალიზაციის მასშტაბების ზრდის შედეგად უკვე ყველა მოგზაურობს და მთელი მსოფლიო დიდ სოფლად არის ქცეული. კაცობრიობის ძირითად საფრთხე ახალი ვირუსების წარმოქმნაა, რომლებიც ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. ეს საფრთხე ატომურ იარაღზე საშიში და ამოუხსნელია, რადგან მოულოდნელობას ემყარება და კაცობრიობა ახალი ვაქცინებითა­ და წამლებით მომზადებული არ არის. ამან, მოსალოდნელია, უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს. ამიტომ რაც უფრო იზრდება გლობალიზაციის მასშტაბი და იოლდება მოგზაურობა, ეს საფრთხეც იმატებს. ბი-ბი-სიმ გამოაქვეყნა მოსაზრება, რომ რაც უფრო მცირდება ფლორა-ფაუნა დედამიწაზე, რაც უფრო მეტს ჩეხს და ანადგურებს ადამიანი, ერთმანეთთან მით უფრო ახლოს იწყებენ ცხოვრებას ცხოველები და უფრო დიდია რისკი, რომ ეს ვირუსები ერთიდან მეორეს გადაედოს. ასე მოხდა ახალი კორონავირუსის შემთხვევაშიც – ის ღამურიდან აქლემს გადაედო, აქლემიდან – ადამიანს…. ყველა ადამიანი ერთნაირია, მაგრამ ისინი ბევრი რამით განსხვავდებიან. კორონავირუსიც ერთი სახეობის ვირუსია, მაგრამ გენომური თანაფარდობა და ამინომჟავების შემადგენლობა ყველა კორონავირუსს იდენტური არ აქვს. გენომური თავისებურებები აქვთ, გენეტიკური ინფორმაციით კი განსხვავდებიან. ამით დგინდება, საიდან შეიძლება მოდიოდეს – ჩინეთიდან, იტალიიდან თუ ამერიკიდან….”, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

იმუნოლოგის თქმით, საკვები პროდუქტი თერმულად უნდა დამუშავდეს.

“საკვები პროდუქტის საპნით გარეცხვა არ შეიძლება – თერმულად დაამუშავეთ. 56 გრადუსიდან ზემოთ ბაქტერია კვდება. ის, რისი მოხარშვაც არ შეიძლება – მაგალითად, ვაშლი – გამდინარე წყალში გარეცხეთ, დაახლოებით, 10-15 წუთის განმავლობაში, მერე გათალეთ და მიირთვით”, – აღნიშნა კულუმბეგოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები