კახა კალაძე: მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირები სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის 1/3-ს გადავრიცხავთ

“ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, პოლიტიკური თანამდებობის პირებმა მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხავთ ხელფასის 1/3-ს”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან თავის თანაგუნდელებსა და მხარდამჭერს მოუწოდა, ვისაც ამისი შესაძლებლობა აქვს, შეუერთდეს სოლიდარობის ამ აქტს.
“ბოლო დღეებისა და კვირების განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა და კითხულობდა, თუ როგორ შეეძლო, მიეღო მონაწილეობა, რათა გაეწია დახმარება იმ ოჯახებისთვის, ვისაც დღეს ჩვენი მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ უკვე დიდი ხანია, ჩვენ ყველა, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად ვებრძვით უხილავ მტერს, რომელიც არის რთული, მომაკვდინებელი და, რაც ყველაზე მძიმეა, ის არ ჩანს – მას კორონავირუსი ჰქვია. შესაბამისად, მე კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად გავითავისოთ ყველა ის რჩევა და გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ.
ბუნებრივია, ამ მძიმე სიტუაციაში, როდესაც ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოქალაქეებს მხარდაჭერა და სოლიდარობა სჭირდებათ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირები და ჩემი თანაგუნდელები თბილისის საკრებულოდან, მზადყოფნას გამოვთქვამთ შევუერთდეთ ამ ინიციატივას. ამასთანავე, დამატებით, ჩვენ ყველა, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმუმს გავაკეთებთ ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად.
ყოველი ჩვენგანი, ყოველდღიურად შრომობს და იბრძვის, რომ მაქსიმალური გავაკეთოთ ჩვენი თანამოქალაქეების დასახმარებლად, ვისაც დღეს ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება. ჩვნ გვყავს ასეთი ოჯახები და საკმაოდ საინტერესო პროგრამები წამოვიწყეთ. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ბიზნესსექტორის წარმომადგებლებს, რიგით მოქალაქეებს, ვინც ჩართულია ამ ღონისძიებებში და ერთად ვეხმარებით იმ ოჯახებს, ვისაც ჩვენი თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება.
ასევე, მოვუწოდებ  ჩვენს ყველა თანაგუნდელსა და მხარდამჭერს, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, შეუერთდეს სოლიდარობის ამ აქტს; ერთად ვიბრძოლოთ პანდემიის წინააღმდეგ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმ ადამიანების დახმარებაში, ვისაც შექმნილ რთულ ვითარებაში ყველაზე მეტად ესაჭიროება ჩვენი გვერდში დგომა.
​დარწმუნებული ვარ, სახელისუფლებო გუნდის ერთიანი, სწორი და ეფექტური ქმედებებით, ჩვენი საზოგადოების სოლიდარობით და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, ამ გამოწვევას ძალიან მალე და მინიმალური ზიანით დავძლევთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები