რუსეთში ჟურნალისტი ქალი ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით გარდაიცვალა
რუსეთში, ქალაქ პერმში გამოცემა „საქმიანი ინტერესის“ მთავარი რედაქტორი, ანასტასია პეტროვა დაიღუპა. ის საავადმყოფოში კორონავირუსზე ეჭვის გამო გადაიყვანეს.
იმის შესახებ, რომ მისი მდგომარეობა უარესდებოდა, სახლში მყოფმა პეტროვამ სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” ჯერ კიდევ 23 მარტს დაწერა. მას მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. იმავე დღეს, ჟურნალისტმა უბნის ექიმი გამოიძახა. მას, ასევე, კორონავირუსის ინფექციაზე ტესტი გაუკეთეს, რადგან პეტროვამ უცხოეთიდან დაბრუნებულ ახლობლებთან კონტაქტის შესახებ შეატყობინა.
„უბნის ექიმმა მითხრა – ნუ ნერვიულობთ, ახლა გრიპის სეზონი არავის გაუუქმებია”, – წერდა ჟურნალისტი.
24 მარტს კი პეტროვა საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან სუნთქვა არ შეეძლო და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე შეაერთეს. მისი დიაგნოზი პნევმონია იყო. პირველადმა ანალიზმა კი Covid-19-ის უარყოფითი პასუხი დაუდგინა. ამის შემდეგ, ქალი ინფექციური ბლოკიდან ჩვეულებრივ სამედიცინო ბლოკში გადაიყვანეს. 31 მარტს პეტროვა გარდაიცვალა. მას ორი შვილი დარჩა.