ამერიკაში მყოფ კიდევ ერთ ქართველ მღვდელს კორონავირუსი დაუდგინდა

აჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის, მეუფე საბა ინწკირველის ინფორმაციით, ეპარქიაში მოღვაწე კიდევ ერთ ქართველ მღვდელს, სპირიდონ ნარსიას კორონავირუსი დაუდგინდა.

„სამწუხარო ინფორმაცია მინდა, გითხრათ იმ კუთხით, რომ მეორე სასულიერო პირი არის დაინფიცირებული ჩვენს ეპარქიაში, ნიუ იორკში, მამა სპირიდონ ნარსია, რომელსაც იცნობთ. მამა სპირიდონ ნარსიას აღმოაჩნდა კორონავირუსი. იცით, რომ ნიუ იორკი ეპიცენტრია. არ ვიცით, საიდან დაინფიცირდა, ვისთან ჰქონდა შეხება.
წინა შაბათ-კვირას მას მსახურება არ ჩაუტარებია და სახლის პირობებში გადის მკურნალობას. მინდა გთხოვოთ, რომ ილოცოთ მისთვის და მოიხსენიოთ ლოცვებში როგორც მამა იოსები, ასევე, მამა სპირიდონი“, – აცხადებს მეუფე საბა ინწკირველი.

მეუფე საბა მოუწოდებს მრევლს, სახლიდან ილოცონ, თავად კი მათთვის ტაძრიდან ილოცებს.

„ეს განსაცდელი არაერთი ქართველის ოჯახს შეეხო ჩრდილოეთ ამერიკაში. გთხოვთ, რომ დავდგეთ ერთმანეთის გვერდით. თუ ვინმეს დახმარება სჭირდება, გთხოვთ,  დამიკავშირდეთ, დაუკავშირდეთ სასულიერო პირებს და ჩვენ, შეძლებისდაგვარად, დაგეხმარებით. გითხარით, რომ პროდუქტის ნაწილი გვაქვს მარაგში, რომელიც საელჩომ ჩამოიტანა ჩვენთან და გთხოვთ, რომ გადასცეთ სხვებსაც“, – აცხადებს მეუფე საბა.

შეგახსენებთ,  რამდენიმე დღის წინ მეუფე საბამ დაადასტურა, რომ ეპარქიაში დეკანოზ იოსებ მინდიაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები